მას შემდეგ გავხდი ცუდად, რაც დედაჩემს 2-მა პოლიციელმა დაუწყო ჯაჯგური და წააქციეს - ნენსი ვოლანდი
ნენსი ვოლანდის სახლში ჩხრეკა დასრულებულია, თუმცა ამის შემდეგ ადგილზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი - როგორც სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, დედამისს ორი პოლიციელი ეჯაჯგურებოდა, რის შემდეგაც ის ცუდად გახდა და ადგილზე სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო.
ირკვევა, რომ სამართალდამცველები ნენსის დედის ვიდეოს გადაღებამ გააღიზიანა. როგორც ქალბატონი ამბობს, პოლიციელებმა ის იატაკზე დააგდეს და ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი.
მას შემდეგ გავხდი ცუდად, რაც დავინახე, რომ ჩხრეკის დასრულების შემდეგ დედაჩემს, რომელიც ვიდეოს მიღებდა, ორმა ძალიან მაღალმა ადამიანმა დაუწყო ჯაჯგური. დედაჩემს აქვს წელის პრობლემა და ცუდად გავხდი, რამე არ დამართონ-მეთქი. დამეწყო პანიკური შეტევა.
ჩხრეკის დასრულების შემდეგ, როდესაც დედაჩემმა დაინახა, რომ უცხო პირი იყო სახლში შემოსული, რომელმაც არ წარგვიდგინა საბუთები, ვიდეოს რომ იღებდა, ტელეფონი წაართვეს. ცდილობდნენ ტელეფონის გახსნას, რათა წაეშალათ ის ვიდეო, რაც გადაიღო.
7-8 ცალი პლედი ამოიღეს. ძალიან დიდ ხანს განიხილავდნენ მასზე დატანილ წარწერას. საქართველოს დროშის წაღებაც უნდოდათ. უკვე მეორე ტელეფონი წაიღეს ჩემი. პირველი ტელეფონი დღემდე არავის მოუტანია და ახლა კიდევ მეორე ტელეფონი წაიღეს, ასევე წაიღეს აიპადი, რომლითაც ვხატავ და მჭირდება.
ვუკავშირებ აქციას, რომლის ივენთიც დაიდო "დაიტოვეში". აქცია ორგანიზებულია მოქალაქეების მიერ და დარწმუნებული ვარ, მათ კიდევ უფრო დიდი პროტესტი გაუჩნდებათ ამის მერე. (ჩხრეკა დაიწყეს) იმის გამო, რომ ჩვენ დავდეთ ამ აქციის ანონსი ჯგუფში", - ამბობს ნენსი ვოლანდი.