ნიკოლოზ კუტუბიძე: "თავს დამნაშავედ არ მივიჩნევ - მინდა, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი იყოს"
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს განსასჯელის სკამიდან რეჟიმს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, 20 წლის ნიკოლოზ კუტუბიძემ მიმართა.
ახალგაზრდამ, რომელიც 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დააკავეს და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
თავს არ მივიჩნევ დამნაშავედ და მინდა საქართველო ისევ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული ქვეყანა იყოს" - განაცხადა ნიკოლოზ კუტუბიძემ.
ყურადღების ცენტრშია საქალაქო სასამართლო - ერთ დარბაზში განსასჯელის სკამზე რვა სინდისის პატიმარი ზის. 5 ათასი ლარი საპატიმრო გირაო, გადახდის ვადა ერთი თვე- ამ შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ რვავე ბრალდებულის საქმეზე მოსამართლეს.
პროცესი, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობენ, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე დავით კურტანიძე, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას და გაუშვებს თუ არა მათ თავისუფლებაზე.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით 2 თებერვალს დაპატიმრებულმა ბრალდებულებმა მიმართეს, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან. 8 მათგანივე ამბობს, რომ უდანაშაულოები არიან და არ ჩაუდენიათ წარდგენილი ბრალდება.