"სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის შეფი" - ირაკლი წიგნაძე
"სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის შეფი" - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შეკრებილ მოქალაქეებს ირაკლი წიგნაძემ.
განსასჯელის სკამიდან ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან, თქვა, რომ ოლიგარქი ივანიშვილის მიერ აწყობილი მართლმსაჯულების სისტემა ტყუილს ეფუძნება.
მე გაკვირვებული ვარ, რა დონის ტყუილზეა აწყობილი ჩვენი სისტემა, 20 წლის ბიჭები, ახალგაზრდები არიან პოლიციელები და ახლებს დააწერეს ეს საქმეები, ახლა იწყებენ და სიმართლის ლაპარაკს კი არ სწავლობენ, ელოდებიან სხვა ქალს რომ ტყუილი დააწერინონ. კარგი ბიჭები არიან და მართლა მეცოდება, სისტემა აგებულია არა იმაზე, რა არის სიმართლე, არამედ იმაზე, რას იტყვის შეფი". - განაცხადა ირაკლი წიგნაძემ.
ყურადღების ცენტრშია საქალაქო სასამართლო - ერთ დარბაზში განსასჯელის სკამზე რვა სინდისის პატიმარი ზის. 5 ათასი ლარი საპატიმრო გირაო, გადახდის ვადა ერთი თვე- ამ შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ რვავე ბრალდებულის საქმეზე მოსამართლეს.
პროცესი, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობენ, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე დავით კურტანიძე, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას და გაუშვებს თუ არა მათ თავისუფლებაზე.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით 2 თებერვალს დაპატიმრებულმა ბრალდებულებმა მიმართეს, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან. 8 მათგანივე ამბობს, რომ უდანაშაულოები არიან და არ ჩაუდენიათ წარდგენილი ბრალდება.