საია: ბათუმის აქციების მედროშე 20 დღეა შიმშილობს, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია კვლავ არ მოგვეწოდება"
ბათუმის აქციების მედროშესთან დაკავშირებით, რომელიც შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრშია მოთავსებული და მე- 20 დღეა შიმშილობს, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს.
საია წერს, რომ შესაბამის უწყებას თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ გადაუცია. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს არც სახალხო დამცველს.
საია შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ორგანიზაციას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
თემურ ქათამაძე უკვე 20 დღეა შიმშილობს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კვლავ არ მოუწოდებია შესაბამის უწყებას. ადვოკატის შეფასებით, იგი დასუსტებულია წინა დღეებთან შედარებით და აღენიშნება წონის მნიშვნელოვანი კლება. ადვოკატთან საუბრისას მან განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ პროცესზე დასწრებასაც ვერ შეძლებს სისუსტის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ საიამ არაერთხელ მოითხოვა მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კვლევების შესახებ ინფორმაცია, შესაბამისი უწყებები ამ ინფორმაციას არ გვაწვდიან. ამასთან, სახალხო დამცველსაც არ მიუღია რაიმე ინფორმაცია თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
მოვუწოდებთ შინაგან სამინისტროს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდოს ინფორმაცია რა კვლევები უტარდება თემურ ქათამაძეს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, იმოქმედონ შესაბამისი სამედიცინო გაიდლაინებით და შიმშილობის ამ ვადისთვის საჭირო ყველა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევა ჩაუტარონ დაკავებულ პირს.
ამასთან, მივმართავთ სახალხო დამცველს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ საკითხს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადო მონიტორინგი," - ნათქვამია განცხადებაში.