"ვისთვის იღებთ გადაწყვეტილებებს, რომ ქვეყნიდან ყველა გაიქცეს?!" - დიმიტრი ბიძინაშვილი
მოსამართლე დავით კურტანიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესის დროს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, დიმიტი ბიძინაშვილმაც მიმართა.
განსასჯელის სკამზე მყოფმა მოსამართლეს კითხვა დაუსვა - "ვისთვის იღებთ გადაწყვეტილებებს, რომ ქვეყნიდან ყველა გაიქცეს?!".
მისივე თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულოა.
არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარმოთქმულ ბრალს. მე არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ვისთვის იღებთ ამ გადაწყვეტილებებს, რომ ქვეყანიდან ყველა გაიქცეს?. მე ვთვლი, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმ ხალხის გამო, ვინც რუსთველის გამზირზე დგას და იბრძვის, რომ დღეს ჩვენ ესეთ ქვეყანაში გვეცხოვრა და ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა ჰქონდა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ამ ხალხის მიმართ, გვაქვს ვალდებულება გმირების მიმართ, ტატუნაშვილის მიმართ. ამ ხალხმა თავის საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ჩვენ არ გაქვს უფლება გაჩერების. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ეს ბრძოლა გაგრძელდება'', - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.
ყურადღების ცენტრშია საქალაქო სასამართლო - ერთ დარბაზში განსასჯელის სკამზე რვა სინდისის პატიმარი ზის. 5 ათასი ლარი საპატიმრო გირაო, გადახდის ვადა ერთი თვე- ამ შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ რვავე ბრალდებულის საქმეზე მოსამართლეს.
პროცესი, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობენ, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე დავით კურტანიძე, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას და გაუშვებს თუ არა მათ თავისუფლებაზე.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით 2 თებერვალს დაპატიმრებულმა ბრალდებულებმა მიმართეს, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან. 8 მათგანივე ამბობს, რომ უდანაშაულოები არიან და არ ჩაუდენიათ წარდგენილი ბრალდება.