"ამ აბსურდულ ბრალდებაზე არანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო" - აბესაძე
მოსამართლე დავით კურტანიძის მიერ პროკურატურის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ, დაპატიმრებული გიგი უგულავას ადვოკატი, ირაკლი აბესაძე პირველ კომენტარს აკეთებს.
პოლიტიკოსის უფლებადამცველი "პირველებთან" ამბობს, რომ "სასამართლო პროცესზე არანაირი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული", რადგან მისივე განმარტებით, ბრალდება აბსურდულია და მოცემული პირები რეალურად დაპატიმრებულებიც კი არ უნდა იყვნენ.
გულწრფელად გითხრათ, სრულად ვერ გავიგე მოსამართლის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება. გიგი უგულავას შემთხვევაში, ნამდვილად გამოყენებული იქნა საპატიმრო გირაო 5 000 ლარის ოდენობით. გირაოს გადახდის შემდგომ, ის საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს, რა თქმა უნდა, სასამართლოზე ისმენდით, რომ პროკურორებს არანაირი არგუმენტი ჰქონდათ და ამ აბსურდულ ბრალდებაზე არანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო. მოსამართლემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც პროკურორებმა მოითხოვეს და ეს ჩვენთვის გასაკვირი არ იყო'', - ამბობს ირაკლი აბესაძე.
დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - "თბილისი მოლთან" დაკავებულ 8 პირს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხას გადაიხდიან.
შეგახსენებთ, რომ 8-ვე ბრალდებული 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დააკავეს. მათ სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან.
სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა შორის არიან:
- გიგი უგულავა
- ირაკლი წიგნაძე
- ირაკლი ტაბატაძე
- ნიკოლოზ კუტუბიძე
- ვასილ ელიავა
- ნიკოლოზ ქუმსიშვილი
- ალექსანდრე გოგოლაძე
- დიმიტრი ბიძინაშვილი