"დღეს იყო დავალება, რომ საპატიმრო გირაო გამოყენებულიყო - რომ ყოფილიყო დავალება პატიმრობის შეფარდებასა და ათ შოლტზე, მაგასაც იზამდა" - ბასილაია

"დღეს იყო დავალება, რომ საპატიმრო გირაო გამოყენებულიყო. რომ ყოფილიყო დავალება პატიმრობის შეფარდებასა და ათ შოლტზე, მაგასაც იზამდა" - ასე აფასებს გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადებულ გადაწყვეტილებას.
პოლიტიკოსის უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მოსამართლე დავით კურტანიძის მიერ მიღებული ვერდიქტი ფორმალურია.
როგორც კი 206-ე მუხლი ახსენა, გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ აქ ხომ ფორმალური რაღაცებს მნიშვნელობა არ აქვს. დღეს იყო დავალება, რომ საპატიმრო გირაო გამოყენებულიყო. რომ ყოფილიყო დავალება გირაო, გამოიყენებდა გირაოს, რომ ყოფილიყო დავალება პატიმრობა შეეფარდებინათ, შეუფარდებდა პატიმრობას. რომ დაერეკა ვინმეს და ეთქვა, პატიმრობა შეუფარდე და ზემოდან ათი შოლტი დააყოლეო, მაგასაც იზამდა.
როგორც კი ქვითარი ჩაბარდება გამომძიებელს, ვალდებული არის მიმართოს წერილით პენიტენციურ დაწესებულებას და პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გაათავისუფლოს. ტექნიკური თვალსაზრისით, რა დროც ჭირდება ამ ყველაფრის ორგანიზება, იმ დროის განმავლობაში მოუწევთ მათ დატოვება, გადახდაზეა დამოკიდებული", - ამბობს ბექა ბასილაია.
დავით კურტანიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა - "თბილისი მოლთან" დაკავებულ 8 პირს მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო შეუფარდა.
ბრალდებულები საპატიმრო დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებენ, რაც გირაოს თანხას გადაიხდიან.
შეგახსენებთ, რომ 8-ვე ბრალდებული 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დააკავეს. მათ სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან.
სისხლის სამართლის კოდექსით დაკავებულთა შორის არიან:
- გიგი უგულავა
- ირაკლი წიგნაძე
- ირაკლი ტაბატაძე
- ნიკოლოზ კუტუბიძე
- ვასილ ელიავა
- ნიკოლოზ ქუმსიშვილი
- ალექსანდრე გოგოლაძე
- დიმიტრი ბიძინაშვილი