მედია აპრილის ფოტორეპორტიორს შსს გზის გადაკეტვას ედავება
მედია აპრილის ფოტორეპორტიორ ვახო ქარელს, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავება.
მედია აპრილის ცნობით, მას შსს-დან დღეს, 5 თებერვალს, დაახლოებით 17:00 საათზე დაურეკეს და კითხვაზე, სად შეუძლია ადმინისტრაციული საქმის მასალების ნახვა, უპასუხეს, რომ 18:00 საათამდე თუ მივა განყოფილებაში, შეძლებს გაეცნოს დოკუმენტებს.
შსს-ს წარმომადგენლის თქმით, “დადგენილი ფაქტია”, რომ ვახო ქარელი 26 იანვარს იმყოფებოდა რუსთაველის მოედანზე. ფოტორეპორტიორის რეპლიკას, რომ ნამდვილად იქნებოდა, რადგან ჟურნალისტია, შსს-ს წარმომადგენელმა ასე უპასუხა: “ეს თქვენ უნდა ამტკიცოთ, შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოთ, რის მიხედვითაც უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას”.