ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 6 თებერვალს იყო ჩანიშნული, გადაიდო - როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ამ დროისთვის უცნობია, როდის დაინიშნება მომდევნო სხდომა.
ალეკო ელისაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის და მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლებრივ დევნას პოლიტიკური სარჩული გააჩნია.
ხვალ უნდა ყოფილიყო ჩემი სასამართლო პროცესი. გადაიდო. სისხლის სამართლის საქმეა ჩემს წინააღმდეგ. პოლიტიკურ დევნას ვახორციელებდი თურმე ერთი თავგასიებული ტიპის წინააღმდეგ, რომელიც რეალურად არანაირი პოლიტიკური მოღვაწე არ არის. 3-წლიანი მუხლია. მუხლს არ ცვლიან. გახარია რომ ცემეს, მის წინააღმდეგ არ აღიძრა პოლიტიკური დევნით, ცემით, 126-ეთი აღძრეს, ჩემი აღძრეს 156-ეთი. ანუ, გიორგი გახარია არ ყოფილა პოლიტიკოსი და ალი ბაბაევი არის პოლიტიკოსი. ორმაგი სტანდარტია.
პროცესი გადადეს. დღეს დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მოსამართლე ავად გახდა და ჯერ ვერ გეტყვით, როდის იქნება პროცესიო. როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბდნენ, დამიჭირონ, არ დამიჭირონ, როდის დამიჭირონ, ამ მუხლით დამიჭირონ, თუ სხვა მუხლით დამიჭირონ და ამიტომ გადადეს", - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შემთხვევა 2024 წლის 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.