გრიგალაშვილი: "გამატარეს ცემა-ტყეპის კორდონი, ფიზიკურად მისწორდებოდნენ - რამდენიმე მეტრში "ხარება" იდგა და ბრძანებებს გასცემდა"
"თბილისი მოლთან" დაკავებული ბადრი გრიგალაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ძალადობაში ღიად ადანაშაულებს - ახალგაზრდა "ტვ პირველის" ეთერში დეტალურად იხსენებს 2 თებერვალს განვითარებულ მოვლენებს და ნიღბიანების მიერ ძალის გადამეტებას ქრონოლოგიურად აღწერს.
ბადრი გრიგალაშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 500 ლარით დააჯარიმა, ამბობს, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ფერდობზე იდგა და ერთ-ერთმა შავრაზმელმა ხელი ჩაავლო.
ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქე აცხადებს, რომ თავდაპირველად, გომელაურის უწყების წარმომადგენლებმა ცემა-ტყეპის კორდონში გაატარეს, შემდეგ გზის სავალ ნაწილზე დააგდეს და სასტიკად უსწორდებოდნენ - "ამის მითითებებს ზვიად ხარაზიშვილი იძლეოდა".
თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი მეც. მშვიდობიან აქციაში ვიღებდი მონაწილეობას. მახსოვს, არა თუ გზას ვკეტავდი, არც ტროტუარზე არ ვდგავარ. ვიდექი ფერდობზე, სადაც დავინახე როგორ დაიძრა ე.წ. ხარებას რამდენიმე ნიღბიანი წარმომადგენელი გოგონას მიმართულებით. მის მიმართ მიმდინარეობდა ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარები ისეთი სიტყვებით, რომ მეუხერხულება მაგის გამეორება. იმ მომენტში ვერ მოვახერხე, რომ გავქცეულიყავი. ვუყურებდი, რომ იქნებ რამენაირად დავხმარებოდი ამ გოგონას.
მერე არ გადაწყვიტეს გოგონას დაკავება და მის ირგვლივ ვინც ვიდექით რამდენიმე ადამიანი, ეს ბიჭები, ეს ხალხი წაგვიყვანეს. მე ჩამავლეს ხელი, დამაგდეს გზის სავალ ნაწილზე, ჩამომათრიეს ამ ფერდობიდან. გამატარეს ცემა-ტყეპის კორდონი, სანამ მიმიყვანდნენ ამ მინი ვენამდე. მთელი გზა ფიზიკურად მისწორდებოდნენ მინივენამდე.
ძირს ვეგდე, თავის აწევასაც ვერ ვახერხებდი, ყველა მხრიდან მხვდებოდა ან წიხლი, ან ხელი, რა ვიცი ყველაფერი. მახსოვს, რომ სანამ მინივენში ჩამსვამდნენ, რამდენიმე მეტრში თვითონ ზვიად ხარაზიშვილი იდგა და ბრძანებებს გასცემდა. ძალიან ირონიულია, რომ მისი, როგორც განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ვალდებულებაა, რომ ძალადობს აქტს რომ ხედავს, ხელი შეუშალოს და მოქალაქის უფლებები დაიცვას", - ამბობს ბადრი გრიგალაშვილი.
ცნობისთვის, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.