მზია ამაღლობელის საქმეზე ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოიკითხა
მზია ამაღლობელის საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე და კიდევ 9 პოლიციელი გამოიკითხა.
როგორც „ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, "პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას"
ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა და ძალადობაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ სილის გაწნის შემდეგ ტკივილი განიცადა.
მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.
დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.
ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ამაღლობელის საქმეში არსებობს, არის ის თუ რატომ არაა ამ დრომდე დაზარალებულად ცნობილი მზია ამაღლობელი. ამ კითხვას "ბათუმელების" განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ოსტატურად ისხლეტს.
„სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ამ ეტაპზე მზია ამაღლობელი დაზარალებულად ცნობილი არ არის. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად პირისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს პროკურორი, შესაბამისად პირის დაზარალებულად ცნობა სცილდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს,“ – მიწერეს დღეს, 6 თებერვალს "ბათუმელებს".