"კანონდარღვევაა, აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და მოხდეს ფაქტების დეტალური შესწავლა" - ქურდოვანიძე ვოლანდის საქმეზე

07.02.25 11:03
"კანონდარღვევაა, აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და მოხდეს ფაქტების დეტალური შესწავლა" - ქურდოვანიძე ვოლანდის საქმეზე

 

 

ნენსი ვოლანდის მიერ "ტვ პირველის" ეთერში სკანდალური განცხადების გაკეთების შემდეგ, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.

ნონა ქურდოვანიძე კატეგორიულად გმობს ჩხრეკის დროს პოლიციელების მიერ სამოქალაქო აქტივისტისთვის გაშიშვლებისა და მისთვის შეურაცხმყოფელი მოძრაობების გაკეთების მოთხოვნას.

"კანონდარღვევაა. არ შეიძლება ეს პროცედურები ტარდებოდეს ადამიანის ღირსების შეურაცხყოფის ფორმით" - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი. 

ადამიანის შემოწმება, როდესაც ამის საჭიროება არსებობს, ელექტრო მოწყობილობის გამოყენებით არის შესაძლებელი ისე, რომ არ იყოს აუცილებელი ადამიანის გაშიშვლება და ამ ფორმით მისი ღირსების შეურაცხყოფა, დამცირება, ან ისეთი შეთავაზებების გაკეთება, რომელიც არ ჯდება ამ პროცედურებში, მათ შორის, ე.წ. ბუქნები.

ასეთ პრაქტიკაში ადრე საუბრობდნენ ქალთა ციხეში. ეს, რა თქმა უნდა, არის კანონდარღვევა. არ შეიძლება ეს პროცედურები ტარდებოდეს ადამიანის ღირსების შეურაცხყოფის ფორმით. ამ გზით ეს საერთოდ არ არის დაშვებული. ამასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში მზადდებოდა შეფასებები, ამასთან სახალხო დამცველს ჰქონდა მწვავე გამოხმაურებები.

ეს პროცედურები არ არის კანონმდებლობით გაწერილი და ადამიანის ღირსების შეურაცხყოფას თუ ისახავს მიზნად, ეს არ არის დაშვებული. ამ საკითხებზე აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და მოხდეს ამ ფაქტების დეტალური შესწავლა", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

„დაიტოვეს” გუნდის წევრი, სამოქალაქო აქტივისტი, ნენსი ვოლანდი 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე გადაცემა “რეაქციაში“ საუბრობს და შემზარავ დეტალებს ყვება. ნენსი ამბობს, რომ ქალმა პოლიციელებმა მას სრულად გაშიშვლება და ისეთი მოძრაობების გაკეთება მოსთხოვეს, რომელიც მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.