მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს - ჟურნალისტთან პალატაში ექიმთა კონსილიუმი დღეს შევა

07.02.25 11:23
მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს - ჟურნალისტთან პალატაში ექიმთა კონსილიუმი დღეს შევა

გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს - დღეს უკანონო პატიმრის პალატაში დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფს ელოდებიან. 

სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ჯგუფი ოთხი ექიმისგან შედგება - ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოფთალმოლოგი და ნევროლოგი. სწორედ მათი კვლევების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მზია ამაღლობელი უკვე 27-ე დღეა რაც შიმშილობს. ის იმყოფება ახლა კლინიკაში. ის კლინიკაში გადაიყვანეს იმ აუცილებელი კვლევების ჩატარების მიზნით, რომელიც ციხის პირობებში ვერ ტარდებოდა. როგორც ექიმები საუბრობენ, მისი უკან დაბრუნება არ არის შესაძლებელი ამ ეტაპზე, სწორედ ამიტომ რჩება ის კლინიკაში.

ჩვენ მიმართული გვქონდა სახალხო დამცველისთვის, რომ მას შეექმნა ექიმების ჯგუფი, რომელიც შეძლებდა მონიტორინგის განხორციელებას. თხოვნა გაგზავნილი გვქონდა კვირას, შემდეგ იყო შეხვედრა მათ წარმომადგენლებთან. საბოლოო ჯამში დადასტურდა ის, რომ სახალხო დამცველი ქმნის ასეთ ჯგუფს, სადაც მოწვეულნი არიან კონკრეტული ექიმები.

ამ დროისთვის მზია ამაღლობელს არ აქვს მინიჭებული დაზარალებული სტატუსი და არც საქმის მასალებზე წვდომა არ გვაქვს, რათა შევაფასოთ, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება. 

ასევე ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად. უკვე დაირღვა მზია ამაღლობელის უფლებები, როდესაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული იქნა პატიმრობა", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა "ვივამედში" სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.