"ვამზადებთ საჩივარს" - მზია ამაღლობელის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლებს

მოშიმშილე მზია ამაღლობელის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაინაცვლებს - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ სტრასბურგში გასაგზავნი სარჩელი მზადების პროცესშია.
ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, რომ გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დირექტორის უფლებები ჯერ კიდევ მაშინ დაირღვა, როდესაც "ქართული ოცნების" პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
ამ დროისთვის მზია ამაღლობელს არ აქვს მინიჭებული დაზარალებული სტატუსი და არც საქმის მასალებზე წვდომა არ გვაქვს, რათა შევაფასოთ, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება. ასევე ვამზადებთ საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად. უკვე დაირღვა მზია ამაღლობელის უფლებები, როდესაც აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული იქნა პატიმრობა", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და „ქართულ ოცნების“ ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 27-ე დღეა შიმშილობს.