SJC: 5 თებერვალს სადიგოვის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რამდენიმე საათით უგონო მდგომარეობაში იყო
საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
SJC წერს, რომ აფგან სადიგოვი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
5 თებერვალს აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და იგი რამდენიმე საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მედიკოსების ჩარევით ის კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანეს და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
აფგან სადიგოვი უკვე 142 დღეა შიმშილობს N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად საყურადღებოა. ამ დროისთვის მისი წონა 56 კილოგრამს შეადგენს, რაც დაკავების შემდეგ 40 კილოგრამზე მეტით არის შემცირებული. პენიტენციური დაწესებულების ექიმების შეფასებით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი ზიანი შეიძლება შეუქცევადი აღმოჩნდეს.
აფგან სადიგოვმა შიმშილობა ჯერ კიდევ 2024 წლის 21 სექტემბერს დაიწყო, ორი ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან უსამართლო მოპყრობისა და გადაწყვეტილებების საპასუხოდ. შიმშილობის დაწყებიდან მე-17 დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ის დღემდე იმყოფება.
აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ 2020 წელს, აზერბაიჯანში უკანონოდ მეორედ დაკავების შემდეგ, როდესაც მას 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მან 242 დღე იშიმშილა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი ჯანმრთელობა იმდენად გაუარესდა, რომ ხანგრძლივი რეაბილიტაცია და საზღვარგარეთ მკურნალობა გახდა აუცილებელი", - წერს SJC.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი თბილისში, 3 აგვისტოს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი კი დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.