საქალაქოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე განხილვა მიმდინარეობს - სააკაშვილს შესაძლოა სახაზინო ადვოკატი დაენიშნოს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 5 საათზე მეტია, ე.წ. პიჯაკების საქმეზე განხილვა მიმდინარეობს - მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, გიორგი ჩალაძემ, სხდომის გადადება ითხოვა, რათა საქმის მასალებს გასცნობოდა და დასკვნითი სიტყვით ესარგებლა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეტიც, თქვა, რომ შემდეგი სასამართლო სხდომისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახაზინო ადვოკატს დაუნიშნავდა, რადგან პროცესი ხელოვნურად არ გაჭიანურებულიყო.
ბადრი კოჭლამაზიშვილის გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში უკმაყოფილება მოყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ ერთ-ერთი დამსწრე, მიხეილ სააკაშვილის ახლო მეგობარი დარბაზიდან გააძევა.
გაბრძანდით თქვენ სხდომის დარბაზიდან. დატოვეთ. მე შემდეგ სასამართლო სხდომაზე კვლავ არ დავდგე ამ ფაქტის წინაშე, რომ თქვენ განცხადების ჩამოცილების თაობაზე მოგმართოთ, კვლავ არ მოითხოვოს დრო საქმის მასალების გასაცნობად. ამიტომ ამ რისკს დააზღვევს სასამართლო და დანიშვნას ადვოკატს სახელმწიფოს ხარჯს." - ამბობს მოსამართლე.
მოსამართლემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვა მოისმინა. საბოლოო სიტყვის თქმის უფლებით თემურ ჯანაშიას ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ისარგებლა.
ბექა ბასილაიამ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას სახელმწიფო გამოგონილ ბრალდებას უყენებს, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეში, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.