უფრო სუსტადაა, ვიდრე იქ ვიყავი, იწვა, გადასხმა უდგას, რათა სიცოცხლე შენარჩუნდეს - მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი მოინახულა
მოშიმშილე პატიმართან, მზია ამაღლობელთან მოსანახულებლად კლინიკაში შესულმა მაია მწარიაშვილმა “ვივამედი“ ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც მან “პირველებთან“ საუბრისას განაცხადა, მზია უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე წინა შეხვედრისას იყო და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გადასხმები უტარდება.
მწარიაშვილი ამბობს, რომ რეჟიმის პატიმარი თავის პოზიციას არ ცვლის, შიმშილობასთან დაკავშირებით და მოითხოვს სასჯელაღრსულების დაწესებულებაში დააბრუნონ.
რაც შემიძლია გითხრათ ისაა, რომ ეს ადამიანი წევს, გადასხმები უდგას, რათა მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს. მისი პოზიციაა და სამწუხაროდ, ეს დღეები მუდმივად ითხოვს, რომ დააბრუნონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს და თავად დაესწროს. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, ეს შესაძლებელი რამდენად იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ ამ კლინიკაში ჩატარებული კვლევები და აუცილებელი გადასხმები რაღაც პერიოდი გააძლებინებს მის ორგანიზმს, რათა პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა.
ვიდრე მე იქ ვიყავი, იწვა. მეტყველება არ უჭირს, ვისაუბრეთ. ცხადია, ბოლო ნახვიდან უფრო სუსტად არის, ამას თქმა რად უნდა. ეს გადასხმები ემსახურება სწორედ იმას, რომ შენარჩუნდეს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარისხი იმ ფორმით, რომ ადამიანმა შეძლოს რაღაც მონაწილეობა პროცესებში, აზროვნება და ის, რომ პროცესზე თავად იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა მწარიაშვილმა.
გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს - დღეს უკანონო პატიმრის პალატაში დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფს ელოდებიან.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ჯგუფი ოთხი ექიმისგან შედგება - ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოფთალმოლოგი და ნევროლოგი. სწორედ მათი კვლევების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ის კლინიკა "ვივამედში" სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.