სოლიდარობა მზია ამაღლობელს - ბათუმში, პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
სოლიდარობა მზია ამაღლობელს - ბათუმში, პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამაღლობელი სინდისის პატიმარია და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
დღეს მოვედით აჭარის პროკურატურასთან და ამაღლობელის გათავისუფლებას ვითხოვთ, 27 დღეა მზია შიმშილობს უსამართლობის პროტესტის ნიშნად, რომელიც დაიწერა ამ შენობაში და შემდეგ გააფორმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართალში კვალიფიკაციის არ მქონე მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
გამოცემა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი უკვე 27-ე დღეა შიმშილობს - დღეს უკანონო პატიმრის პალატაში დამოუკიდებელ მედიკოსთა ჯგუფს ელოდებიან.
სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ჯგუფი ოთხი ექიმისგან შედგება - ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოფთალმოლოგი და ნევროლოგი. სწორედ მათი კვლევების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი მოშიმშილე ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ის კლინიკა "ვივამედში" სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით 3 დღის წინ გადაიყვანეს.