"იზოლატორში შესახლების დროს მთხოვეს, ტანზე სრულიად გამეხადა" - ექსკლუზიური ინტერვიუ სამოქალაქო აქტივისტთან

07.02.25 17:19
"იზოლატორში შესახლების დროს მთხოვეს, ტანზე სრულიად გამეხადა" - ექსკლუზიური ინტერვიუ სამოქალაქო აქტივისტთან

ერთი ქალის დარღვეული დუმილი სხვებისთვის გადამდები აღმოჩნდა - "პირველებმა" ჩაწერა სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ირწმუნება, რომ იზოლატორში გაშიშვლება აიძულეს და ასეთი ფორმით გაჩხრიკეს.

ნუცა მახარაძე, რომელიც რესტორან "ბაბილოსთან" მოსამართლეების ქეიფს აპროტესტებდა და ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ამბობს, რომ ქალმა პოლიციელმა და ექიმმა სხეულიდან ტანსაცმლის გახდა დიღმის იზოლატორში შესახლების დროს მოსთხოვეს. 

  • არადა, ახალგაზრდა ქალს ხელბორკილები ადმინისტრაციული წესით დაადეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მუხლი, რომელსაც ედავებოდნენ, პირად ჩხრეკას გაშიშვლებულ მდგომარეობაში საერთოდ არ საჭიროებდა. 

12 იანვარს დამაკავეს რესტორან "ბაბილოსთან" და ამის შემდეგ, ჯერ გადამიყვანეს შსს-ს შენობაში, გზატკეცილზე და შემდეგ უკვე მესამე იზოლატორში, დიღომში. შესახლების დროს პოლიციელმა ქალმა და ექიმმა მთხოვა, რომ ტანზე სრულიად გამეხადა.

სანამ იზოლატორში შევიდოდი, ჩემთან ერთად დაკავებულმა ბიჭებმა გამაფრთხილეს ამის შესახებ, მათაც იცოდნენ და მითხრეს, რომ ასე მოხდებოდა. პირველი შოკი მაგ დროს მივიღე. ვუთხარი, არავითარ შემთხვევაში-მეთქი. მე რას ვგრძნობდი იმ დროს ერთია, მაგრამ ჩავთვალე, რახან არავინ გამაფრთხილა, რომ ეს იყო კანონდარღვევა, როგორც პროცედურას, ისე შევეგუე.

ცხადია, ძალიან დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, უსიამოვნო, მოულოდნელი მოთხოვნაა. წესი, რომელიც მას ავალდებულებს, რომ ეს გააკეთოს, თავად არის შეურაცხმყოფელი. ცხადია, დამცირებისკენ, დაშინებისკენ, უსიამოვნო გარემოს შექმნისკენ არის მიმართული და ამ მიზანს ემსახურება", - ამბობს მოქალაქე.

ცნობისთვის, „დაიტოვეს” ჯგუფის წევრმა, სამოქალაქო აქტივისტმა, ნენსი ვოლანდიმ 1 თებერვალს მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დეტალებზე გადაცემა “რეაქციაში“ ისაუბრა და შემზარავი დეტალები მოყვა. ნენსიმ განაცხადა, რომ ქალმა პოლიციელებმა მას სრულად გაშიშვლება და ისეთი მოძრაობების გაკეთება მოსთხოვეს, რომელიც მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.