"დაუმორჩილებლობა არ ყოფილა" - საქალაქოში ლუკა ხიზაძის პროცესი იმართება

07.02.25 21:14
"დაუმორჩილებლობა არ ყოფილა" - საქალაქოში ლუკა ხიზაძის პროცესი იმართება

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლუკა ხიზაძის პროცესი მიმდინარეობს. ახალგაზრდა სტუდენტს მისი ორი მეგობრის მსგავსად, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ხიზაძე ადასტურებს, რომ პოლიციელებს მშვიდად გამოელაპარაკნენ, თუმცა სამარტალდამცველებმა მათ არაფერი განუმარტეს, არ უთხრეს რისთვის აკავებდნენ, ან სად მიჰყავდათ. მისივე თქმით, არც ადვოკატთან დაკავშირების საშუალება მისცეს.

შავები ეცვათ, მგონი. კრიმინალური პოლიციის მანქანა იყო უფლებები არ განუმარტავთ, არ უთქვამთ, სად მივდიოდით, რა იყო დაკავების საფუძველი, არ უთქვამთ, რომ ადვოკატთან როდის შეგვეძლო დარეკვა, ან მშობელთან, ან ოჯახთან, რა იყო დაკავების საფუძველი, რას გვედავებოდნენ. ოქმის შედგენა არ ხდებოდა, ჩანიშნული არ ჰქონიათ, რა როდის მოხდა, ზუსტად სად დაგვაკავეს. რასაც გვედავებიან, დაუმორჩილებლობა - ეგ არ ყოფილა, არ შევწინააღმდეგებივართ", - ამბობს ხიზაძე.
 

პოლიციის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავ ქმედებებსა და ჩვენებებზე საუბრობს ხიზაძის ადვოკატიც.  

არსებობს დაკავების ოქმი, რომელიც არის, სამწუხაროდ, ურთიერთგამომრიცხავი. ერთსა და იმავე დროს, 02:35 უთზეა შევსებული როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ასევე დაკავების ოქმიც. ხოლო ოქმში, სამართალდარღვევის მითითებულია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაქცევას ცდილობდა. სამი დამკავებელია და სამი არის თავად დაკავებული, რაც არის შეუძლებელი. ანუ სამმა ადამიანმა დააკავა სამი ადამიანი, თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოაშკარავდა, რომ ორი ადამიანი აკავებს ერთს, დანარჩენ ორის დაკავებას როგორ ეყოფოდა ერთი ადამიანი, ეს კიდევ ურთიერთგამომრიცხავი ფაქტია, - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარბაქაძეს, არჩილ გოჩიტაიშვილს და ლუკა ხიზაძეს გომელაურის უწყება პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება. სამივე სტუდენტი ორი დღის წინ ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, თუმცა ახალგაზრდები ამტკიცებენ, რომ დაუმორჩილებლობას ადგილი არ ქონია.