თავისუფლება სინდისის პატიმრებს! - თბილისში ისევ საპროტესტო მსვლელობებია
სინდისის პატიმრების მხარდამჭერი შეძახილები თბილისის ქუჩებში - პარასკევის ტრადიციულმა მარშებმა მსვლელობა დაიწყეს. დედაქალაქის ცენტრი ისევ ხალხით არის გადავსებული. ათეულობით უკანონო პატიმრის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა სტარტი უკვე აიღეს. ყველა მსვლელობა რუსთაველის გამზირზე მივა.
მანამდე კი მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ. პროტესტის ეპიცენტრი იყო საზოგადოებრივი მაუწყებელიც. რეჟიმის ტყვეების მეგობრები და ოჯახის წევრები ისევ საეთერო დროს ითხოვდნენ, რომ ხალხს უამბონ სიმართლე უკანონო პატიმრებთან დაკავშირებით.
მსვლელობის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ შექმნილი კრიზისიდან მხოლოდ ერთი გამოსავალია და ეს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა ამბობს, რომ მსვლელობები და აქციები მნიშნელოვანია და "ოცნების" რეჟიმის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ქმედებებია საჭირო.
ამ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია მარშები, აქციები, პროტესტები. რომ არ იყოს ასეთი პროტესტი, ჩათვალეთ, რომ ჩვენი შვილები ჩარჩებიან ციხეში. მე მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებიც არცერთი წუთით არ ივიწყებენ ჩვენს პატიმრებს და მზად არიან, ნებისმიერი შეკრებისთვის. რაც შეეხება მზია ამაღლობეს, არ შეიძლება მისი დავიწყება. ყველა ვთანხმდებით, რომ ის სინდისის N1 პატიმარია. კიდევ უფრო მკაცრად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მეტი მუხტი უნდა ჩავდოთ ყველაფერში, მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს სასწრაფოდ, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის მამა.
აქციაზე იმყოფებიან ის პირებიც, ვინც ერთხელ უკვე დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.
თავისუფლებას აკარგვინებს „ქართული ოცნება“ ამ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს და ოთხი კედელი თავისუფლების დაკარგვა არაა. პირიქით, ბევრად ამაყი და თავისუფალი ვიყავი მე, როდესაც მივხვდი, რის გამო მაკაცებდა რეჟიმი. ამიტომ,მინდა მხნეობა ვუსურვო, მინდა, იცოდნენ მათ, რომ ამ დიდი ისტორიული პროცესის თანამონაწილეები არიან. გავა დრო და მათი სახელები ისტორიის წიგნში შევა, - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.