მზია ამაღლობელი უნდა იყოს კლინიკაში, რომ ექიმებმა მოასწრონ რეაგირება და მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს - ექიმი
"უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არამარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა ექიმმა, ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა ელენე გიორგაძემ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ექიმის თქმით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელის საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება მიზანშეწონილი არ არის.
„ვთვლი, რომ მზია ამაღლობელი დროულად იყო კლინიკაში გადაყვანილი. რაც კეთდება, კეთდება სწორად. რა თქმა უნდა, საჭმელს არაფერს იღებს, ამიტომ მიდის შევსება მიკრო-მაკრო მედიკამენტებით. მადლობა იმისთვის, რომ ამას თვითონ არ აპროტესტებს და ძალიან კარგად ესმის. აბსოლუტურად ადეკვატურია. ლაპარაკობს მშვიდად, წყნარად. ძალიან დიდი ხანი ველაპარაკებოდით და ბოლოსკენ დაიღალა. თვითონ თქვა, რომ იყო უარესად და ახლა უკეთესად არის. პალატაში ვცდილობ სიარულს და დავდივარო. საპატიმრო დაწესებულებაში ამას უფრო ვაქცევდი ყურადღებასო.
ცუდი ამბავი არის ის, რომ აუცილებლად უნდა საპატიმრო დაწესებულებაში დაბრუნება, რაც მიზანშეწონილი არ არის. მე ბოდიში მოვუხადე და ვთხოვე, შიმშილი შეწყვიტოს. არ შეწყვეტს შიმშილს, ეს გასაგებია, მაგრამ თუ შიმშილს არ შეწყვეტს, მაშინ უნდა იყოს კლინიკაში, კონტროლის ქვეშ იმიტომ, რომ ექიმები მოასწრებენ რეაგირებას შეუნარჩუნოთ არამარტო სიცოცხლე, არამედ მომავალში ინვალიდი არ გაგვიხდეს. ამ ეტაპზე ყველაფერი ხდება ადეკვატურად და სწორად.
შიმშილის დროს გულ-სისხლძარღვთა სისტემიდან გამომდინარე როდის, რა დროს რომელი გართულება შეიძლება მოხდეს, არავინ იცის. რადგან საკვებს რეალურად არ იღებს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით სამი დღის წინ გადაიყვანეს.