სროლა თბილისის რესტორანში - ხელჩართულ ჩხუბში, სავარაუდოდ, ბერას მეგობარი, "კაწრო" მონაწილეობდა

10.02.25 11:06
სროლა თბილისის რესტორანში - ხელჩართულ ჩხუბში, სავარაუდოდ, ბერას მეგობარი, "კაწრო" მონაწილეობდა

სროლა თბილისში - მამაკაცმა ცეცხლი რესტორანში გახსნა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსნტუტუციის ქუჩაზე ბერა ივანიშვილის ძმაკაცმა, ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე "კაწრომ" ორჯერ გაისროლა. ასევე ცნობილია, რომ "კაწროს" მეგობარია და მას მფარველობს არაერთ სკანდალში გახვეული პოლიციელი მირიან ქავთარაძე.

ირკვევა, რომ ჩხუბი გოგოს გამო მოხდა, რასაც ხელჩართულ ჩხუბი მოჰყვა. ინციდენტში მონაწილეობდნენ ქალებიც, რომლებიც დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდნენ.

გავიგე ძაღლის წკმუტუნის ხმა და შემდეგ ეს ძაღლი აიყვანა პატრულმა და დამშვიდდა. უცებ ვიღაც გოგო მივიდა ერთ ბიჭთან და ცოტა დაძაბული საუბარი ჰქონდათ, მერე ამ ბიჭმა შეაგინა და ამ გოგოს მხრიდან ვინც იყვნენ, ისინი წამოფრინდნენ და დაიწყო შეტაკება და ხელჩართული ჩხუბი. მერე ამ სროლის დროს გაისროლეს ორჯერ, ოღონდ რა გაისროლეს, იარაღი იყო თუ მერე ამბობდნენ, „კანტროლკა“ იყოო, ხმა გავიგე და მალევე დავტოვეთ ტერიტორია. წამოვედი და დავლანდე, რომ იყო პოლიციის ერთი მანქანა მოსული. გამოსვლისას ეს მახსოვს ზუსტად. თერთმეტი საათი იყო თუ თორმეტი როცა ეს ჩხუბი მოხდა. ვინ გაისროლა, ეს არ დამინახავს, მხოლოდ ორჯერ გასროლის ხმა გავიგე. მეორეჯერაც იჩხუბეს და უფრო შემეშინდა და მერე წამოვედი. ჩხუბის დროს ბევრი ადამიანი იყო, მეორე ჩხუბის დროს მაგიდებზე დახტოდნენ და დალეწეს ეს მაგიდები, - უყვება "პირველებს" თვითმხილველი. 

"პირველები" ავთანდილ ბილანიშვილთან დაკავშირებას დილიდან ცდილობს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 

თბილისის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში მომხდარ ინციდენტზე პოლიცია ამ დრომდე არაფერს ამბობს. არ ვრცელდება ინფორმაცია არც დაშავებულების შესახებ. უცნობია ისიც, რა მუხლით დაიწყო შსს-მ გამოძიება.