ყველაფერი სრულიად კანონიერია- ნათია თურნავამ საქალაქო სასამართლო დატოვა

17.02.25 11:11
ყველაფერი სრულიად კანონიერია- ნათია თურნავამ საქალაქო სასამართლო დატოვა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ, რომელიც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენებას აძლევდა, საქალაქო სასამართლო დატოვა.

მას მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. 

ერთადერთი რაც თურნავამ თქვა, სხდომის დაწყების წინ და შემდეგაც იყო ის, რომ “ყველაფერი კანონიერია“.

ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს ვუწესებთ სანქციებს და ჯარიმებს, როდესაც ეს აუცილებელია“, - განაცხადა თურნავამ.

თავად გიორგი ბაჩიაშვილმა კი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თურნავამ უნდა ახსნას, ნახა თუ არა რამე დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ამტკიცებს ივანიშვილის ინვესტორობას.

მისივე თქმით, „ქართუ ბანკის“ დაჯარიმების საკითხი ძალიან დიდ კითხვის ნიშანს აჩენს.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გრძელდება, სადაც კიდევ ერთი მოწმის დაკითხვა მოხდება.

გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.