თავდასხმა გახარიაზე - “პირველებმა“ თვითმხილველი იპოვა, კაცი პოლიციას არ გამოუკითხავს
გომელაურის უწყება ამ დრომდე არ დაინტერესებულა, ვინ დაესხა თავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი გახარიას. "პირველების" ინფორმაციით, თბილისის აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზიდან პოლიციას ამ დრომდე არ ამოუღია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. არ გამოუკითხავთ არც მოწმეები.
“პირველებმა“ ცოტახნის წინ იპოვა ადამიანი, რომელიც ინციდენტის თვითმხილველი იყო. მან ვინაობის გამხელა არ ისურვა, თავადპირველად თავი ტრაილერის მძღოლად წარმოადგინა, შემდეგ კი განაცხადა, რომ შვილის ჩამოსვლას ელოდებოდა, რის გამოც მთელი დღე აეროპორტში იმყოფებოდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა კვერცხის სროლა დანაშაული, მან განაცხადა: “თქვენი პარტია ამბობდა, რომ კვერცხის სროლა, იყო გამოხატვის უფლება.“
ჟურნალისტის კითხვამ, იქნებოდა დანაშული თუ არა, ბიძინა ივანიშვილისთვის კვერცხის სროლა, კაცი გააღიზიანა:
რატომ უნდა ესროლონ ბიძინას კვერცხი ან ვინ? ეს დაიმსახურა ბიძინამ? გიორგი გახარია მოღალატეა, ის ადამიანი და პრემიერი ბიძინამ გახადა, თორე ვინ იყო გახარია, ვინ იცნობდა?, - თქვა თვითმხილველმა.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებულ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერსა და წევრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ “გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ - ისმოდა იმ დროს, როცა პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარიასა და გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს კვერცხებს ესროდნენ.