რა დაადასტურა სასამართლოზე თურნავამ და რატომ ჩქარობს ოლიგარქი - ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილთან

17.02.25 15:59
რა დაადასტურა სასამართლოზე თურნავამ და რატომ ჩქარობს ოლიგარქი - ინტერვიუ გიორგი ბაჩიაშვილთან

“ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს პროცესი, რადგან მისთვის ყოველი დღე მტკივნეულია“ - ამის შესახებ თანაინვესტირების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, “საკუთარი ნარატივის დამტკიცებისთვის"  ოლიგარქმა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ჩართო:

ივანიშვილი ცდილობს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს პროცესი, რადგან მისთვის ყოველი დღე არის მტკივნეული, თვალსაჩინო ხდება მისი გამოძალვის ოპერაციის მთელი ბედკრულობა. მან ჩართო მაქსიმალურად ყველა ის სახელმწიფო ინსტიტუტი, რაც კი შეეძლო, რათა დაემტკიცებინა თავისი ნარატივი", - ამბობს ბაჩიაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ ე.წ. ბიტკოინების საქმეში ივანიშვილის ინვესტორობის შესახებ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება არ არსებობს. 

ყველა სახელმწიფო ექსპერტი, ნათია თურნავა, თუ სხვა ეფუძნებიან პროკურატურის დადგენილებას და იმის გარშემო მოძრაობენ. მაგალითად ეროვნულმა ბანკმა, ქართუ ბანკის წერილის საფუძველზე დაადგინა, რომ ივანიშვილი ყოფილა ინვესტორი. შესაბამისად, თავისივე პროკურატურის და “ქართუს“ მიერ გავრცელებულ ჩვენებებს ატრიალებენ და მოგვივლენენ, როგორც ჭეშმარიტებას

ნათია თურნავამ, როგორც ივანიშვილმა, დაადასტურა კიდევ ერთხელ, რომ არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმის, რომ ივანიშვილი არის ინვესტორი, არ არსებობს. მან მოიშველია ქართუს ბანკის წერილი, სადაც ის ტავადვე აღიარებს, რომ ივანიშვილი იყო ინვესტორიო, ე კი საკამრისი იყო, რომ დაგვეჯარიმებინაო“ - დასძინა მან. 

რაც შეეხება ექსპერტის გამოკითხვას, რომელმაც ჩანაწერში ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო, ბაჩიაშვილის თქმით, ასმათ მატუშევსკაიას “არ გამოუყენებია არცერთი ინდუსტრიული ნორმა, რის საფუძველზეც იტყოდა, რომ იყო ამდენი მონტაჟი, წყვეტები და ა. შ.“

მიუხედავად იმის, რომ ტექნიკურ საკითხებში ვარ დილეტანტი, ჩემთვისაც გახდა ცხადი, რომ ამ ქალბატონს არ გამოუყენებია არცერთი ინდუსტრიული ნორმა, რის საფუძველზეც იტყოდა, რომ იყო ამდენი მონტაჟი, წყვეტები და ა. შ. მან ვიზუალურად დაათვალიერა ეს ჩანაწერი და გამოიტანა დასკვნები, თუმცა, ნებისმიერი პროფესიონალური საექსპერტო ბიურო იყენებს სტანდარტებს, რაც ადასტურებს, რომ ჩანაწერებში იყო ჩარევა. აქ ამას ადაგილი არ ჰქონია და მან თვითონვე განაცხადა, რომ ციფრობრივი კვლევა და დასკვნა არ არსებობს“, - თქვა მან. 

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული აუდიოჩანაწერის ავთენტურობის დადგენის მოტივით, ის ექსპერტიზაზე გერმანიაშიცაა გაგზავნილი. ბიზნესმენის განცხადებით, პასუხს უახლოეს დღეებში ელოდება.

  • გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.