"შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლა მოხდეს" - ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

17.02.25 19:37
"შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შეიძლება სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლა მოხდეს" - ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელზე

"ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "პირველებთან" მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს აკეთებს - ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ გისოსებს მიღმა გამომწყვდეული ჟურნალისტის შიმშილობის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ყოველი დღე სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

"შეიძლება მოხდეს სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლა" - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე, რომელიც გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დირექტორს მოუწოდებს, სრულად დაექვემდებაროს მედიკოსების რეკომენდაციას. 

მე შემიძლია გითხრათ, რომ შიმშილობის ხანგრძლივობიდან, მისი ზოგადი მონაცემებიდან, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მე მოვუწოდებ მის კოლეგებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, თანამოაზრეებს, რომ დაარწმუნონ მზია, დაექვემდებაროს სრულად ექიმების რეკომენდაციას.

ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ყოველი დღე არის დაკავშირებული გარკვეულ რისკებთან. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანოების ფუნქციების მოშლა, რაც შეიძლება დაუკავშირდებოდეს ლეტალურ გამოსავალს. ლეტალური გამოსავლის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ სრულად შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები". - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და "ქართულ ოცნების" ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ადვოკატები სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებენ.

ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, 37-ე დღეა შიმშილობს.