"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - საზმაუსთან შეკრებილები მსვლელობით რუსთაველისკენ დაიძრნენ
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ. პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები პირველი არხის ხელმძღვანელობის გადადგომასა და მოქალაქეებისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ.
"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს", "ცეცხლი ოლიგარქიას", "საქართველო აჯანყდი" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპულ აქციაზე დაკავებულ უკანონო მოქალაქეებს და მათ გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.
კოსტავას ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეებმა დღეს მოშიმშილე ჟურნალისტზე, მზია ამაღლობელზე ისაუბრეს და მას სოლიდარობა გამოუცხადეს.
ყველა დღე იწყება შიშით, თუ როგორი იქნება მზიას მდგომარეობა, იმიტომ რომ შიმშილობის 37-ე დღე საკმაოდ სტრესია ორგანიზმისთვის და ეს არის ჩვენი საფიქრალი და საზრუნავი, რომ ადამიანის სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი. როდესაც ექიმები ღიად გვესაუბრებიან იმ შეუქცევად პროცესებზე, რომელიც შეიძლება შიმშილობამ გამოიწვის, რა თქმა უნდა, ეს გვაფიქრებს ჩვენ ყველაზე მეტად. მაგრამ მეორე მხრივ არის უსამართლობის განცდა და ამ უსამართლობის წინააღმდეგაა არის მიმართული მზიას ეს პროტესტი.
ეს არის ბრძოლა იმისთვის, რომ ქვეყანაში შედგეს ნორმალური მართლმსაჯულება, ქვეყანაში უნდა იყოს მართლა დემოკრატიული პროცესი და უნდა ფასობდეს ადამიანი, ამისთვის არის ეს პროტესტი მიმართული. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილს თავში", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.