თავისუფლება ბრძოლაში მოდის და არა გულხელდაკრეფილად ჯდომაში | ანრი კვარაცხელიას წერილი ციხიდან

სინდისის პატიმარი ანრი კვარაცხელია საპყრობილედან წერილს აგზავნის - რეჟიმის ტყვე, რომლის წერილიც მისმა მეუღლემ, რუსთაველის გამზირიდან "ტვ პირველის" ეთერში წაიკითხა, საზოგადოებას ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
"თავისუფლება ბრძოლაში მოდის და არა გულხელდაკრეფილად ჯდომაში" - ნათქვამია ანრი კვარაცხელიას წერილში, რომელსაც რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავება.
პირველ რიგში, მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისათვის, თავდადებისა და შრომისათვის, რასაც ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, მთელი კაცობრიობისა და ერის წინაშე ჩადიხართ. არასდროს მიფიქრია პოლიტიკაში გავხვეულიყავი, ყოველთვის იმაზე მეტად აპოლიტიკური ვიყავი, ოდესმე ვინმეს თუ შეუძლია წარმოიდგინოს. მაგრამ აქციების ჯერ კიდევ დასაწყისში სახლიდან ვადევნებდი თვალს, რადგან ჩემი სამსახურის გრაფიკი არ მიწყობდა ხელს, მეც ჩემი თანამოქალაქეების გვერდით დავმდგარიყავი და შორიდან შემეძლო მეყურებინა ამდენი გულანთებული და მებრძოლი ადამიანებისთვის, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ სურდათ და სურთ იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება, არ იქნება მიკერძოებული სამართალი, არ იქნება ამდენი სიდუხჭირე და შიმშილი.
რა ჰქვია ამ ყველაფერს? დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც ძალიან დიდი ხანი იბრძვის ამისათვის, ჯერ კიდევ სხვადასხვა თაობის წარმომდგენელი, განურჩევლად სქესისა და რასისა. მხოლოდ ერთი რამ სწადია ყველას, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველო. თავისუფლება ბრძოლაში მოდის და არა გულხელდაკრეფილ ჯდომაში. გახსოვდეთ ყოველთვის, რომ ჩვენ ვართ საქართველო და ვირჩევთ ნათელ მომავალს, როგორც ჩემთვის, ასევე ჩვენი მომავალი თაობისთვისაც.
დანარჩენ ჩემს თანატოლებს, რომლებიც იგივე განსაცდელის წინაშე არიან, რასაც უკანონო ტყვეობა ჰქვია, მინდა ვუთხრა, რომ თქვენ ხართ კაცები, შემდგარი ადამიანები და რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე მაგარი პატრიოტები. გავიმარჯვებთ აუცილებლად. მუხტი, რომელიც თქვენგან მოდის, არის ხალხის ხმა, ერთიანობის, სიწმინდის. თქვენ ხართ იმაზე მეტი პატრიოტები, ვიდრე საკუთარი თავისთვის გითქვამთ ან გონებაში მაინც გაგიფიქრებიათ. თითოეული ადამიანი იმაზე მეტად მდიდარი ხართ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამ სიმდიდრეს ჰქვია პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული. გავიმარჯვებთ სახელოვნად, ამაყი ვარ, რომ თქვენი ნაწილი მქვია" - წერს ანრი კვარაცხელია.
25 წლის ანზორ (ანრი) კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. მას რეჟიმი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გდდ-ის თანამშრომლისთვის სროლას ედავება. ახალგაზრდას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.