"ქართული ოცნება" საკუთარ საბრალდებო დასკვნას და განაჩენს წერს - ლომჯარია ღალატის მუხლის დამატებაზე

17.02.25 22:08
"ქართული ოცნება" საკუთარ საბრალდებო დასკვნას და განაჩენს წერს - ლომჯარია ღალატის მუხლის დამატებაზე

მამუკა მდინარაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის დამატებაზე, მესამე სექტორში პირველ კომენტარს აკეთებენ - ყოფილი სახალხო დამცველი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საკუთარი თავის წინააღმდეგ საბრალდებო დასკვნას წერს. 

ამასთან, ნინო ლომჯარია "ქართულ ოცნებასა" და საბჭოთა კავშირს შორის ტოლობის ნიშანს სვამს და აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ მიღებული დრაკონული კანონებით საბჭოთა კავშირსაც კი გადაუსწრო. 

მათ ( "ქართული ოცნების") მიერ ჩადენილი დანაშაულები ამ ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე და მათ მიერ მიღებული არაკონსტიტუციური კანონები არის მათივე ხელით დაწერილი საბრალდებო დასკვნა მათ წინააღმდეგ და ამ ყველაფერს დაემატა უკვე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომელსაც თავადვე მიიღებენ და დიდი ალბათობით პირველივე საქმე, რომელიც გამზადებული იქნება, სწორედ მათ წინააღმდეგ იქნება.

ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, არის სამშობლოს ღალატი. იგივე 28 ნოემბრის განცხადება კობახიძის მხრიდან და შემდგომ უკვე განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილები, ეს არის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, კონსტიტუციის დარღვევა და ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგაა უკანონოდ წასვლა. ისინი საკუთარ საბრალდებო დასკვნასა და განაჩენს წერენ", - ამბობს ნინო ლომჯარია.

ივანიშვილის რეჟიმი ახალი რეპრესიებისთვის ემზადება - მამუკა მდინარაძემ დააანონსა, რომ კანონში სამშობლოს ღალატის მუხლი დაემატება. მისივე ცნობით, სამშობლოს ღალატი სისხლის სამართლის წესით დაისჯება.