პარიზის სამიტის შემდეგ მაკრონი ტრამპს და ზელენსკის ესაუბრა

18.02.25 10:31
პარიზის სამიტის შემდეგ მაკრონი ტრამპს და ზელენსკის ესაუბრა

პარიზში ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.

  • საგანგებო სამიტის მოწვევას წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რუსეთთან დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასასრულებლად.

„რამდენიმე ევროპელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, მე ველაპარაკე პრეზიდენტ ტრამპს, შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკის.
უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობისთვის, რუსეთმა უნდა შეაჩეროს თავისი აგრესია და ამას უნდა ახლდეს უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და საიმედო გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ისევე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები" აღნიშნავს მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მას და ემანუელ მაკრონს საერთო ხედვა აქვთ - უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების საიმედო და ძლიერი გარანტიები.

ზელენსკის თანახმად, მსგავსი გარანტიების გარეშე მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, მაგალითად, ცეცხლის მყიფე შეწყვეტა იქნება რუსეთის მხრიდან მორიგი მოტყუება და უკრაინის, ან ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ახალი ომის პრელუდია.

დღეს, 18 თებერვალს საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

  • სამიტის შემდეგ გაკეთებული კომენტარების თანახმად, ლიდერებმა უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის როლზე და მომავალში თავდაცვის გაძლიერებაზე იმსჯელეს.
  • საგანგებო შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა, დანიის პრემიერმინისტრი მეტე ფრედერიკსენი და სხვა მაღალჩინოსნები. 
  •