მზია ამაღლობელის საქმე - ე.წ. მოწმე პოლიციელების ჩვენებები, პრაქტიკულად, იდენტურია
მზია ამაღლობელის საქმე - "პირველებმა" ე.წ. მოწმე პოლიციელების ჩვენებები მოიპოვა. ოთხივე ჩვენება, პრაქტიკულად, იდენტურია და ერთნაირი ლექსიკაა გამოყენებული. პოლიციელებს საკუთარ ჩვენებებში გამოყენებული აქვთ სიტყვა "ტანთცმული" იმის აღსაწერად, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუძეს ჯერ ქურთუკზე მოქაჩა, რის შემდეგაც სილა გააწნა.
ბერდია ფერაძე - „ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განცხადების შემდეგ დააპირა გასვლა, რა დროსაც ჩემს წინ მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თქმა, მარცხენა ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს მის ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად.“
არჩილ ანთაძე - „ირაკლი დგებუაძემ განმარტების შემდეგ დააპირა გასვლა, რა დროსაც მის სიახლოვეს მდგარმა ქალბატონმა, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმა, მარცხენა ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა თავისკენ“.
ცოტნე ქართველიშვილი - „განმარტების შემდეგ, ირაკლი დგებუაძემ დააპირა მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლა. სწორედ ამ დროსაც მის სიახლოვეს მდგარმა ქალბატონმა, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმები, მარცხენა ხელით მოქაჩა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე.“
დავით ანთაძე - "ირაკლი დგებუაძემ გაკეთებული განმარტების შემდეგ დააპირა გვერდით გასვლა, რა დროსაც მასთან მდგარი ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ჰქონდა შავი ფერის უკან შეკრული თმა, ხელით სწვდა ირაკლი დგებუაძეს ტანთცმულ პოლიციის ფორმის ქურთუკზე და მოქაჩა ძლიერად თავისკენ".
სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დირექტორი ახლა პატიმრობაშია. ის უკვე 38 დღეა შიმშილობს.
აღსანიშნავია, რომ საპატიმროში უკვე 33 დღეა შიმშილობს სინდისის პატიმარი თემურ ქათამაძეც. ამაღლობელიც და ქათამაძეც ახლა სამედიცინო დაწესებულებაში არიან განთავსებულნი.