მზია ამაღლობელი მკურნალობას კლინიკის პირობებში გააგრძელებს - ზურაბ ჩხაიძე
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს შიმშილობა მიესალმება. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ამ ხანგრძლივობის შიმშილობა სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა და წინ კიდევ რთული რეაბილიტაციის პირობებია.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი კლინიკაში სრულ რეაბილიტაციამდე დარჩება.
გუშინ გავაკეთეთ მიმართვა მისი კოლეგების მიმართ. შიმშილობის შეწყვეტა ძალიან გვახარებს. მთელი ეს დღეები ვცდილობდით, რომ მიგვეღწია ამ შეთანხმებას. მინდა მადლობა ვუთხრა კოლეგებს, ვინც მიმართვა გააკეთა.
ამ ხანგრძლივობის შიმშილობა არის დაკავშირებული ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლა, რაც შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ცუდ გამოსავალთან. დღეს რა მოცემულობაც გვაქვს სასიხარულოა.
დავიწყებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში, ის რაც უკავშირდება ე.წ. რეფიდინგის სინდრომს. ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებული კვებისას. კლინიკა, ექიმების გუნდი მზად არის დაიწყოს ე.წ. რეფიდინგის პროცესი.
განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ორი დღე. სპეციალური მენიუა შემუშავებული, დამტკიცებულია ე.წ. რეფიდინგ პროტოკოლი, შესაბამის თანმხლებ მკურნალობასთან ერთად განვითარდება ეს პროცესი. კვირის განმავლობაში დავაკვირდებით მის მდგომარეობას. ყოველდღე მოხდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება, კვლევების ჩატარება. კვლევების საფუძველზე გვექნება სრული სურათი. ექიმების გუნდი ყველაფერს გააკეთებს რომ ე.წ. რეფიდინგ პროცესმა წარმატებით ჩაიაროს", - აღნიშნა ჩხაიძემ.
„ბათუმელების“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი შიმშილობას წყვეტს - ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორის, ეთერ თურაძის სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.
თურაძემ „ვივამედთან“ შეკრებილ მედიას მზია არალობელის წერილი წაუკითხა. ჟურნალისტი კოლეგებსაც მიმართავს და ბრძოლისკენ მოუწოდებს.