შსს: "ტვ პირველის" ოპერატორი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით.
“ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“, - უთხრეს IPN-ს შსს-ში.
ცოტა ხნის წინ, პოლიციამ “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცა - შემთხვევა თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
სავარაუდოდ, ის აქციიდან ბრუნდებოდა, როცა უცნობმა პირებმა სასტუმრო "რადისონთან" მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.