რეორგანიზაციის სახელით შეფუთული რეპრესიები - მესამე სექტორის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროდან მოქალაქეებს უშვებენ
რეორგანიზაციის სახელით შეფუთული რეპრესიები სამინისტროებში - მესამე სექტორს აქვს ინფორმაცია, რომ დასჯის ახალი სერია ახლა თავდაცვის სამინისტროშია დაწყებული.
მათივე ინფორმაციით, უსამსახუროდ ტოვებენ იმ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც პეტიციაზე აქვთ ხელი მოწერილი და საქართველოს ასი ათასობით სხვა მოქალაქის მსგავსად, ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გიორგი შაიშმელაშვილი ის ერთ-ერთი პირია, რომელიც ამავე უწყებიდან ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ რეპრესიებზე ალაპარაკდა.
გიორგი შაიშმელაშვილი სტრატეგიული პარტნიორებისგან მოითხოვს, რომ ირაკლი ჩიქოვანის უწყებას ამერიკული და ევროპული დახმარებები შეუწყვიტონ და სწორედ ამ ფორმით გაუგზავნონ ივანიშვილის რეჟიმის მინისტრს მკაფიო სიგნალი, რომ სტაჟიანი საჯარო მოხელეების გაშვება უპასუხოდ არ დარჩება.
პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეპრესიები ხდება თანამშრომლებზე. საუბარია პეტიციის ხელმომწერებზე, რომლითაც ისინი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მომხრე. კონსტიტუციის მუხლის დაცვისთვის ათავისუფლებენ თანამშრომლებს. ჩვენ ახლა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ შევქმნათ საზოგადოებრივი წნეხი.
დღეს ამ ადამიანების გადარჩენა შეუძლიათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ვითხოვთ უსაფრთხოების სფეროში ამერიკული და ევროპის დახმარების შეჩერებას სამინისტროსთვის. ჩვენ გვესმის, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, რომ ამჟამად აამუშაოთ პირობითობის მექანიზმი და თავდაცვის მინისტრს მკაფიო სიგნალი გაუგზავნოთ". - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა.