"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი: მოპოვებულია ივანიშვილის ჩანაწერი

22.02.25 21:41
"შაბათის ეთერის" ექსკლუზივი: მოპოვებულია ივანიშვილის ჩანაწერი

 

 

ექსკლუზივი - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ოლიგარქისა და მისი მიალიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის გასაჯაროებას მთელი საქართველო უკვე ერთი წელია, ელოდება.

  • ჩანაწერში, რომელიც სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე 1 დღით ადრე გაკეთდა, ნათლად ისმის, რომ ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქართუდან კრედიტის მიღებაში დახმარებას სთხოვს. დოკუმენტებით დასტურდება, რომ საუბრიდან მეორე დღეს "ქართუს" საკრედიტო კომიტეტმა სესხი ბაჩიაშვილს დაუმტკიცა. 
  • ყველაფერი 9 წლის წინ,  2015 წლის 30 ივლისს, დაიწყო, როდესაც დილით, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე რეზიდენციაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს, თბილისიდან მისი მილიარდების მმართველმა, გიორგი ბაჩიაშვილმა პირადი თხოვნით დაურეკა.  ივანიშივილის ქართუ ბანკის მმართველი ნატო ხაინდარავა ბაჩიაშვილს, სესხის გაცემას უჯანჯლებს და ოლიგარქს ჩარევას სთხოვს. 

11 წუთიანი აუდიოფაილის შინაარსიდან ირკვევა, რომ ბაჩიაშვილს 6 მილიონ 500 ათასი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის შეძენა უნდა, მილიონ ნახევარი პირადად აქვს, სარფიანი გარიგების გასაფორმებლად კი, ბანკიდან 5 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის დამატება სჭირდება. ივანიშვილს ის დეტალურად უხსნის, რომ მისი შესყიდული კრიპტოვალუტა რომც გაუფასურდეს, საქმეში ჩადებული საკუთარი მილიონ ნახევრიდან მიღებული მოგებით, ბანკის სესხის დაფარვას მაინც უპრობლემოდ შეძლებს. 

  • შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება.გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

ჩანაწერში ბაჩიაშვილი ივანიშვილს უხსნის, რომ მისთვის  სესხის მიცემა ბანკისთვის სარისკო არ იქნება. ივანიშვილმა კი, რომელიც ახლა ირწმუნება, რომ ბაჩიაშვილისთვის სესხი არ მიუცია და მასთან ბიზნესის წილში შევიდა, ბოლომდე ისიც კი არ იცის, რას ყიდულობს ბაჩიაშვილი და საერთოდ რა არის კრიპტოვალუტის ბიზნესი. 

ჩანაწერის მიხედვით, როგორც კი ივანიშვილს დღეში 200 მილიონის ბრუნვა ესმის, ბაჩიაშვილს მაშინვე ეუბნება რომ მისი ბანკის მმართველს ნატო ხაინდვარავას კიდევ ერთხელ აუხსნას, რისთვის სჭირდება ფული. 

  • ჩანაწერში ცხადად და არაერთხელ ისმის რომ, ბაჩიაშვილი ივანიშვილს სესხის მიცემას სთხოვს. იმასაც ეუბნება, რომ მთელ მის ფულს, რაც კი აქამდე უშოვია, ამ ბიზნესში აბანდებს.

"ბატონო ბიძინა ეს არის ჩემი ფული მეტი არაფერი.  ბანკი მოგებაში არ მონაწილებს, რისკს იზიარებს იგივეს" - ეს არის მთავარი ფრაზა ჩანაწერში - ჩანაწერის თანახმად, ივანიშვილი აქ თავად და გარკვევით  ამბობს, რომ ბანკი მოგებაში არ მონაწილეობს, ანუ მოგებაც და წაგებაც ბაჩიაშვილის პასუხისმგებლობაა. ამის შემდეგ ოლიგარქი მისი ბიზნესების მმართველს ევაჭრება, რამდენად მისცემს სესხს საკუთარი ბანკიდან. ჩანაწერის მიხედვით, ბაჩიაშვილს ფული ძალიან სჭირდება, ამიტომ მზად არის სესხი დოლარში წლიურ 15 პროცენტადაც კი აიღოს. "სესხის სტრანდარტულ პროცენტზე ცოტას წაუმატებ" - ეუბნება ივანიშვილი ბაჩიაშვილს და ისიც თანხმდება. 

ჩანაწერში საუბარია "ქართუ ბანკიდან", ბაჩიაშვილისთვის მხოლოდ და მხოლოდ სესხის გაცემაზე.

  • არადა საჩივარში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პროკურატურაში 2023 წლის  23 მარტს შეიტანა, ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა მას კრიპტოვალუტის ბიზნესში ფულის ჩადება და პარტნიორობა შესთავაზა..

"შაბათის ეთერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ჩანაწერით დგინდება, ისიც რომ ოლიგარქის ბიზნესების მმართველს, ივანიშვილთან საუბრისას, ბიტკოინების შესაძენად საჭირო ფულის ნაწილი უკვე გადარიცხული ჰქონდა და სარფიანი გარიგების გასაფორმებლად, დამატებითი თანხა კრედიტის სახით სჭირდებოდა. 

  • სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ოლიგარქი განსაცდელიდან ვერ იხსნა - ბაჩიაშვილის დაცვის მხარემ, ფარული აუდიო ჩანაწერი ალტერნატიული ფონოსკოპიური ექსპერტიზისთვის გერმანიაში, 16 იანვარს გაგზავნა. კომპიუტერული ანალიზი ჩაუტარდა სიდი დისკს და მეხსიერების ბარათს. დასკვნა, რომელზეც 28 დღე მუშაობდნენ, თბილისში 4 დღის წინ, 18 თებერვალს ჩამოვიდა.

ივანიშვილის ჩანაწერი - მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი