"შაბათის ეთერმა" ოლიგარქ ივანიშვილის დაკითხვის ოქმი მოიპოვა
ბაჩიაშვილის საქმე - "შაბათის ეთერმა" ქართველი ოლიგარქის დაკითხვის ოქმი მოიპოვა. ბიძინა ივანიშვილმა პირველი ჩვენება 2023 წლის 13 აპრილს პროკურატურის გამომძიებელს მისცა. მეორედ კი, სასამართლოს კითხვებს მიმდინარე წლის 5 თებერვალს დისტანციურად უპასუხა. "შაბათის გუნდმა" ორივე დოკუმენტი მოიპოვა. მეორე ჩვენებაში ივანიშვილი ბევრ რამეს ცვლის, რადგან როდესაც ბაჩიაშვილს უჩივლა და გამომძიებელმა გამოკითხა, მაშინ არ იცოდა, რომ ბაჩიაშვილს მასთან საუბრის ჩანაწერი ჰქონდა.
შეცვლილ ჩვენებაში ივანიშვილი წერს, რომ გასაჯაროებული სატელეფონო საუბრით ბაჩიაშვილთან შეთანხმება არ დაუსრულებია და რომ ამ საუბრის შემდგომ კომუნიკაცია ისევ შედგა.
"შაბათის ეთერი" გაეცნო მობილური კავშირის კომპანიიდან ამოღებულ, გიორგი ბაჩიაშვილის სატელეფონო ნომრის ამონაწერსაც. ბაჩიაშვილთან შემომავალი და მისგან გამავალი ზარების სიაში არ იძებნება ჩანაწერი, რომ 30 ივლისის ანუ სესხის გაცემაზე საუბრის შემდეგ, სესხის გაცემამდე ივანიშვილსა და ბაჩიაშვილს შორის კომუნიკაცია შემდგარიყო.
- შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება.გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი. ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა "ქართუ ბანკის" მაშინდელმა მმართველმა და ოლიგარქის ნდობით აღჭურვილმა ნატო ხაინდრავამაც. ხაინდრავას ჩვენებაში გაეპარა ერთი ისეთი დეტალი, რომელიც ბრალდების მხარის ვერსიას ეწინააღმდეგება.
,,ჩემთვის ცნობილია, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიერ კონტროლირებადი კომპანიის სასარგებლოდ სესხის სახით ჩარიცხული თანხა 5 მილიონი დოლარის ოდენობით სრულად გადაირიცხა მაინინგის ხელშეკრულებაში მითითებული კომპანიის სასარგებლოდ.’’- თქვა ხაინდრავამ.
როდესაც ნატო ხაინდრავა საუბრობს გიორგი ბაჩიაშვილის კონტროლირებად კომპანიაზე, გულისხმობს MISSION GATE INC-ს.
არადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემურ წიქვაძე ბრალმდებელ პროკურორთან ერთად მოსამართლეს არწმუნებდა, რომ ბაჩიაშვილს ამ კომპანიასთან კავშირი არ აქვს.
მიხეილ სადრაძესთან "შაბათის ეთერი" მტკიცებულებით მივიდა. დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ნამდვილად აქვს კავშირი, ქართუდან გადარიცხული თანხის მიმღებ კომპანიასთან. პროკურორი სადრაძე სასამართლო დარბაზში საწინააღმდეგოს ამტკიცებდა.
"შაბათის ეთერმა" მოიპოვა, არა მხოლოდ ივანიშვილის ბანკის მიერ ბაჩიაშვილისთვის დამტკიცებული სესხის დოკუმენტი, არამედ თანხის უკან დაბრუნების გრაფიკიც. სწორედ ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ბანკს 5 მილიონი დოლარი თავისი პროცენტით პირნათლად დაუბრუნა. გადაიხადა სატელეფონო საუბარში, ივანიშვილის მიერ დასახელებული წამატებული თანხა, ნახევარ მილიონ დოლარზე მეტიც. ფაქტს ნატო ხაინდარავა საკუთარ ჩვენებაშიც ადასტურებს.
ბაჩიაშვილის საქმის დეტალები ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში.