შსს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს გახსნილად აცხადებს - პოლიცია ბრალდებულებს ეძებს

18.09.21 16:40
შსს ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეს გახსნილად აცხადებს - პოლიცია ბრალდებულებს ეძებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს.

შს სამინისტროს ცნობით,  საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. (აკაკი ჭელიძე) და 1999 წელს დაბადებული გ.კ., (გიორგი კეველაძე) 1999 წელს დაბადებული ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის განზრახვით, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, კერძოდ, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, აღნიშნული პირები ნაქირავები ავტომანქანით თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მივიდნენ და ნიკა კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ.

საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, ასევე დადგინდა, რომ ა.ჭ.-მ ნ.კ.-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან გ.კ.-სთან ერთად, ნაქირავები ავტომანქანით მიიმალა.

სხეულზე მიყენებული დაზიანებებით ნ.კ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ცნობით, ა.ჭ.-ს და გ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენის და მათი დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

22 წლის ნიკა კვარაცხელიას შეკვეთილი მკვლელობის საქმის ფიგურანტებზე ექსკლუზიური ინფორმაცია "ტვ პირველმა" ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა. 

წყარო საგამოძიებო ორგანოდან "პირველებს" უყვებოდა, რომ გომელაურის უწყება კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძეს ეძებს. 

ჭელიძეების კუთვნილი სახლი, მოსეშვილის ქუჩაზე დაკეტილი. "პირველებმა" გუშინვე გაავეცელეს ინფორმაცია, რომ  იძებნება საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ნათლულიც, გიორგი კეველაძე, რომელიც ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ფიქრის გორაზე იყო. 

არსებული ინფორმაციით საქმის სავარაუდო ფიგურანტებმა ქვეყანა უკვე დატოვეს.

მსგავსი სიახლეები