სტიქია გურიაში - ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, "ოცნება" სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება
გურიის მოსახლეობა ივანიშვილის რეჟიმს ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენაში ადანაშაულებს - ადგილობრივები, რომლებსაც დიდთოვლობის გამო უკიდურეს სიდუხჭირეში და არაადამიანურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ამბობენ, რომ სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრებიან.
მოქალაქეები, "პირველებს" უყვებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ გურიაში არსებულ მძიმე ვითარებაზე ხმას ამოიღებენ და იტყვიან, რომ "ოცნებამ" სტიქიის პირისპირ მარტო დატოვა, სოციალურ დახმარებას გაუუქმებენ.
იმუქრებიან, რომ (თუ ვილაპარაკებ,) სოციალურს მომიხსნიან. ვმუშაობდი სახლში და ახლა ვერ გავდივარ ზამთარში. სახლში მყავს შშმ პირი და დიაბეტიანი მეუღლე." - განაცხადა მოქალაქემ.
სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. "ქართული ოცნების" ჩინოვნიკები ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს.