ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა - გაბუნია ბანერებზე
"ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია, ჟურნალისტების შეკითხვას ვაქცინაციის წამახალისებელ ბანერებზე სისხლიანი ბანერების გადაკვრის შესახებ.
გაბუნიას თქმით, ვაქცინაციის თემა არ უნდა გადაიფაროს არც ერთი სხვა თემით.
ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, გნებავთ, იყოს ეს სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ის, რომ ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას ემხრობა. ის, რომ ბოლო დღეებში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი მედიაში გაკეთდეს ვაქცინაციის თემებზე. სხვანაირად ჩვენ ვერაფრით დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რაც გვინდა გვქონდეს.
ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია როგორ შეიძლება იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, რატომ მოხდა და რამდენად ხელშეკრულების პირობები დაირღვა თუ არ დაირღვა, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს და შეთანხმდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს აქვს უკვე ეს საკითხი წამოწეული და დაწყებული", - ამბობს გაბუნია.