მივმართავთ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ არესიული რიტორიკა მედიის მიმართ - კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისთვის"

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" აქვეყნებს ანგარიშს, რომელიც 2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში მედიაზე მასშტაბური თავდასხმის მოვლენას აფასებს.
ანგარიშში გაანალიზებულია მედიაზე ძალადობის წინაპირობები და სამართლებრივი ასპექტები. შეფასება ემყარება საჯარო და ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციას. ანგარიშის შინაარსზე კოალიციის წევრი ორგანიზაციები მუშაობდნენ.
დოკუმენტში აღწერილია ძალადობრივი მოვლენები და შედეგები: ჟურნალისტებისა და ოპერატორების დაზიანების ფაქტები და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევები, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობა და მიზანშეწონილობა. ასევე, განხილულია 5 – 6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავე პირების გამოვლენის, დაკავებისა და სასამართლოებში საქმის წარმოების პრაქტიკა.
კოალიცია ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციებით, რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა შეწყიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ;
საქართველოს მთავრობამ შეწყვიტოს კრიტიკული მედიის მიმართ ბოიკოტი და უზრუნველყოს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი; მაღალი თანამდებობის პირები საჯაროდ გაემიჯნონ ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას; საქართველოს მთავრობამ მიიღოს ზომები მედიის წარმომადგენლებისათვის კანონით გარანტირებული უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად.
მედიაზე ძალადობის შეჩერებისა და პრევენციის მიზნით აუცილებელია, სასამართლომ საქმეთა განხილვა წარმართოს დროულად, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით, შეისწავლოს თავდამსხმელების მოტივაცია და თითოეულ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტოს, როგორ ხდება სამართლებრივ სახელმწიფოში მედიის უსაფრთხოების დაცვა.
ასევე, მნიშვნელოვანი იქნება, საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა გააგრძელოს 5 და 6 ივლისის ძალადობრივი ფაქტების გამოძიების პროცესზე დაკვირვება და ინტენსიური კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან მედიაგარემოს გაუმჯობესებისა და ჟურნალისტებისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნის მიზნით“,- აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია ანგარიშში.