როგორ მდიდრდება კაცი, რომლის მთავარი საქმე პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა იყოს

08.03.25 20:51
როგორ მდიდრდება კაცი, რომლის მთავარი საქმე პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა იყოს

ვინ არის კაცი, ვისაც პოლიციელების კონტროლი ჩააბარეს? - გიორგი იოსებიძესთან პირველი ინტერვიუ "შაბათის ეთერმა" ჩაწერა. მაღალჩინოსნის მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქვეყანაში სამართალდამრღვევი პოლიციელების შესახებ, ყოველდღე ახალ-ახალი და ერთმანეთზე უფრო მძიმე მტკიცებულებები ვრცელდება. 

პოლიციის შესახებ კანონის თანახმად, სწორედ მისი დეპარტამენტის მოვალეობაა, ყველა იმ პოლიციელის საქმიანობის გამოძიება, ვინც გადაცდომა ჩაიდინა.  თუმცა იოსებიძეს თუ დავუჯერებთ, არაფერი გაუგია სინდისის პატიმრების დაკავებისას, პოლიციელების მიერ ჩადენილ გადაცდომებზე და არც ამ ამბების გამო შესული საჩივრების შესახებ სმენია. 

  • ცნობისთვის, გენინსპექცია იმ მოვალებას ასრულებდეს, რაც კანონით ევალება, ახლა უკვე სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული 2 ეკიპაჟის პატრულ-ინსპექტორებიც, რომლებიც 7 დეკემბერს, "შაბათის ეთერის" გადამღებ ჯგუფზე ტიტუშკების თავდასხმას  მშვიდად უყურებდნენ და არაფერი მოუმოქმედებიათ. მეტიც, დანაშუალის ადგილი მიატოვეს. 

რა ვიცით გიორგი იოსებიძეზე:

  • მან სახელი ვანო მერაბიშვილის პოლიციაში "მიშა მიშას" ძახილით გაითქვა, ახლა კი ვახო გომელაურის რჩეულად იქცა.

"შაბათის ეთერი" დაინტერესდა, როგორ მდიდრდება კაცი, რომლის მთავარი საქმე პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძება უნდა იყოს.

ჟურნალისტური გამოძებით ირკვევა, რომ დედისერთა იოსებიძე დოვლათის დაგროვებას, "ოცნების" ხელისუფლებაში პორტირების შემდეგ იწყებს. მანამდე მას მხოლოდ ერთი უძრავი ქონება, გრიშაშვილის ქუჩაზე უფიქსირდებოდა. 

  • ოფიციალური დოკუმენტების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მიწებისა და ბინების შეძენას გენინსპექციის მოქმედი შეფი 2014 წლიდან იწყებს.
  • მიწა კიკეთში. 100 კვადრატული ბინა ვაკეში, ფალიაშვილზე. 3 მიწის ნაკვეთი ბორჯომის რაიონში სადგერში. ფართობი თელეთში. 2 აპარტამენტი ბაკურიანში  - ეს ყველაფერი 2014 წლიდან დღემდე, თუმცა ქონებების არსებული ჩამონათვალი არის მხოლოდ ის, რაც პირადად იოსებიძეს უკავშირდება. 

"შაბათის ეთერმა" ქონების რეესტრი დაამონიტორინგა და გაარკვია, რომ ქონების დიდი ნაწილი, მათ შორის კომპანიაც, ათასობით პოლიციელის მაკონტროლებელს, პენსიონერი მშობლების სახელზე აქვს გაფორმებული. 

  • 149 კვადრატული უძრავი ქონება ვაკის შუაგულში, თეიმურაზ იოსებიძის(მამა) პირველი შენაძენია. მანამდე, მის სახელზე სხვა ქონება, საჯარო რეესტრის მონაცემებით არ ფიქსირდება. კიდევ ერთ მსხვილ შენაძენს, გენინსპექციის პენსიონერი მამა 2022 წელს აკეთებს. თებერვალში 2960 კვადრატულ მიწას თეთრიწყაროში ყიდულობს, მარტში კი 100 კვადრატამდე აპარტამენტს ბაკურიანში. 
  • ერთადერთი უძრავი ქონება, რომელიც გიორგი იოსებიძის მშობლების სახელზე 2012 წლამდე ფიქსირდებოდა, ბაგებში არსებული სახლი იყო. 

გენინსპექციის შეფი "შაბათის" ეთერს" არწმუნებს, რომ ბინებისა და მიწების გრძელი ჩამონათვალი ამ ერთი სახლის გაყიდვით შეიძინა, მათ შორის ჭავჭავაძის 50 ნომერში, 138 კვადრატული მეტრიც. ეს ფართიც მაღალჩინოსანი ძალოვანის დედის სახელზეა გაფორმებული. 

გიორგი იოსებიძის გადამალული ქონების შესახებ ვრცლად, ნახეთ, მაკა ჩიხლაძის რეპორტაჟში