ბაჩიაშვილი ინტერპოლით ამ დრომდე არ იძებნება - "ოცნება" ბიზნესმენის კვალზე ვერ გადის

ციხეში 11 წლით - ასეთია მოსამართლის ვერდიქტი. ბაჩიაშვილი განაჩენის გამოცხადების მომენტში საქართველოდან შორს იყო. "სამარცხვინო" - ამ ერთი სიტყვით შეაფასა სანქცირებული სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ბაჩიაშვილმა.
მოსამართლემ ბაჩიაშვილის ციხეში 11 წლით გაშვების გადაწყვეტილება 40-წუთიანი თათბირის შემდეგ მიიღო. მანამდე იყო ბაჩიაშვილის ადვოკატის სამ-საათიანი სიტყვა, სადაც პროცესზე ლევან მახარაშვილმა მტკიცებულებით დაასაბუთა, რომ საქმე აბსურდული იყო და ივანიშვილი ბაჩიაშვილს არ არსებულ დანაშაულს ედავებოდა.
დღეს ბაჩიაშვილის პროცესი სანქცირებულმა მოსამართლე გელაშვილმა ისე დაასრულა, რომ თავად ბრალდებულს მისივე პროცესზე ჩართვის და ბოლო მიმართვის უფლება არ მისცა. რას ედავებოდა ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს? - ოლიგარქი ამტკიცებდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილის კრიპტო ბიზნესიდან წილი მას ეკუთვნის. ამის დასადასტურებლად ბიძინა ივანიშვილს ის სესხი მოჰყავს, რომელიც ბაჩიაშვილმა "ქართუ ბანკიდან", 2015 წელს აიღო.
ივანიშვილის თქმით, თანხა, რომელიც ბაჩიაშვილმა ისესხა, რეალურად არა სესხი, არამედ ინვესტიცია იყო, ამიტომ მას როგორც ინვესტორს, ბიტკოინები ეკუთვნოდა. ოლიგარქის ამ სიტყვებს არანაირი მტკიცებულება არ ამყარებს, თუმცა სასამართლოსთვის ეს პრობლემა არ აღმოჩნდა.
სად არის ბაჩიაშვილი. ეს მხოლოდ ივანიშვილის ყოფილმა ფინანსისტმა იცის. "ქართული ოცნების" სურვილის მიუხედავად, ამ დრომდე ინტერპოლს მასზე ძებნა არ გამოუცხადებია. ინტერპოლის ვებგვერდზე ძებნილთა სიაში ბაჩიაშვილის გვარი არ იძებნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ბაჩიაშვილს ეძებს, მისი კვალი აბუ-დაბიში დაკარგა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.