სინდისის პატიმრების პროცესი - მოსამართლე შვანგირაძემ ბრალდებულების დედებს დარბაზის კარი ჩაუკეტა

10.03.25 20:12
სინდისის პატიმრების პროცესი -  მოსამართლე შვანგირაძემ ბრალდებულების დედებს დარბაზის კარი ჩაუკეტა

რეჟიმის მოსამართლემ დღეს სინდისის პატიმრების მშობლებს სასამართლოს კარი ჩაუკეტა. ირაკლი შვანგირაძემ 11 ბრალდებულის საქმის წინასასამართლო სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში ჩაატარა. სასამართლო არ პატიობს დაკავებულების ახლობლებს რეჟიმის წინააღმდეგ გასულ პროცესზე დაფიქსირებულ პროტესტს.

ბრალდებულების დედები, მამები, ძმები, დები, მეგობრები და გულშემატკივრები დღეს ცოცხალ რიგში იდგნენ, რომ პროცესზე შესულიყვნენ და საკუთარი თვალით ენახათ და საკუთარი ყურით მოესმინათ ივანიშვილი რეჟიმის სასამართლოს მიერ დადგმული სპექტაკლი, თუმცა ადგილები დარბაზში დღეს მოსამართლემ ცარიელი დატოვა.

სასამართლოს კარი რეჟიმის მორჩილმა მოსამართლემ საერთაშორისო დამკვირვებლებსა და საელჩოების წარმომადგენლებსაც დაუკეტა. ამერიკის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები რომლებიც პროცესზე დასასწრებად მივიდნენ, დარბაზში არ შეუშვეს.

თავისუფლებისთვის მებრძოლებს დღეს არა მხოლოდ ახლობლების ნახვა შეუზღუდეს, არამედ მოსამართლე მტკიცებულებებზე საუბრის შესაძლებლობას დაკავებულების ნაწილს არ აძლევდა. პროცესზე დღეს სიტყვა რეზო კიკნაძემ ითხოვა. სიტყვა ბრალდებულ სტუდენტს დღეს მოსამართლემ რამდენჯერმე გააწყვეტინა, ბოლოს კი საერთოდ მიკროფონი გაუთიშა.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.