საბჭოთა რეპრესიები თეატრალურ უნივერსიტეტში - სტატუსშეჩერებული სტუდენტები რექტორის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან

10.03.25 20:27
საბჭოთა რეპრესიები თეატრალურ უნივერსიტეტში - სტატუსშეჩერებული სტუდენტები რექტორის საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან

თეატრალურმა უნივერსიტეტმა სტუდენტების სადამსჯელო ოპერაცია დღეს დილით დაიწყო. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მუქარის წერილები უნივერსიტეტმა 10-მდე სტუდენტს გაუგზავნა. შეტყობინებაში წერია, რომ ეთიკის კომისიამ სხდომაზე სტუდენტების მხრიდან ეთიკის ნორმების დარღვევა დაადგინა, რის გამოც ისინი უნივერსიტეტში აღარ დაიშვებიან.

ადმინისტრაცია სტატუსის შეჩერებით იმ სტუდენტებს ემუქრება, ვინც 80 დღეზე მეტია რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. სტუდენტებს მხოლოდ სამი დღე აქვთ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრონ, შემდეგ კი მათ ბედს რექტორი გიორგი შალუტაშვილი გადაწყვეტს, ვინც სტუდენტების აზრით, პარტიულ ინტერესებს ემსახურება.

შალუტაშვილის გადადგომას სტუდენტები უკვე 80 დღეზე მეტია ითხოვენ. სტატუსშეწყვეტილი სტუდენტები ამბობენ, რომ ახლა საკუთარ თავზე გამოსცადეს საბჭოთა სტილის რეპრესიები, ის რაც აქამდე მხოლოდ გადმოცემით იცოდნენ. ფიქრობენ, რომ ახლა რეჟიმის მიზანია, უნივერსიტეტებში განსხვავებული აზრი ჩაახშოს.

თეატრალური უნივერსიტეტის სხვა სტუდენტები ფიქრობენ, რომ თუ მათ კურსელებს სტატუს საბოლოოდ შეუჩერებენ, სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად, სწავლას არც თავად გააგრძელებენ და აუდიტორიებში არ შევლენ. მსახიობები ივანიშვილის რეჟიმს აფრთხილებენ, რომ საბჭოთა სტილის რეპრესიები არათუ შეაშინებს ახალგაზრდებს, არამედ პროტესტი უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.