მდინარაძემ "ოცნების" ახალი ინიციატივა წარადგინა - მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება

10.03.25 20:48
მდინარაძემ "ოცნების" ახალი ინიციატივა წარადგინა - მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება

"ქართული ოცნება" პოლიტიკას ამკაცრებს -  მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება. ივანიშვილის რეჟიმის ახალი ინიციატივა ერთპარტიულ პარლამენტში მამუკა მდინარაძემ წარადგინა. 

ამ მიმართულებით არალეგიტიმურ პარლამენტში წარდგენილია რვა სხვადასხვა კანონში ცვლილება. მათ შორის არის სისხლის სამართლის კოდექსში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონებში ცვლილებები.

მინდა გაგაცნოთ რეფორმის საკანონმდებლო მიმართულების ძირითადი საკითხები:

ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელები მაქსიმალურად მკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნარკორეალიზატორებისთვის არა თუ განსაკუთრებით დიდი ან დიდი ოდენობის ნარკოტიკის, არამედ მცირე ოდენობით ნარკოტიკის გაყიდვისთვისაც კი სასჯელი 12-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა იქნება.

"ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება და მოწესრიგდება მათთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, კერძოდ, განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. ამასთანავე, დადგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. დაიხვეწება საკანონმდებლო ჩარჩო, რითაც შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორისთვის ან ნარკოტიკების გავრცელებაში ხელშემწყობი პირისთვის მის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

2025 წლის პირველი ივნისიდან - იმ შემთხვევაში, თუ პირს დაუდასტურდება ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი ან თუ პირი თავს აარიდებს ნარკოლოგიურ შემოწმებას, მას სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. ხუთი წლით ჩამოერთმევა საჯარო სამსახურში, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება, ასევე იარაღთან დაკავშირებული უფლებები.

ცვლილებები, გამკაცრების მიმართულებით, შეეხება სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის სხვა შესაბამის ნორმებსაც.

აქვე, მივმართავთ კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომ გაიზიარონ ეს მიდგომები და სახელმწიფოს ამოუდგნენ გვერდში ანტინარკოტიკული კამპანიის წარმოებაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში.

მომავალი თაობების გადარჩენისთვის ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი - ანტინარკოტიკული რეფორმა, ანტინარკოტიკული კამპანია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ვაქციოთ განსაკუთრებულ ეროვნულ პრიორიტეტად!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.