თვითმხილველი: რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს

10.03.25 21:15
თვითმხილველი: რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს

რუსთაველის გამზირზე ხმაური იყო - თვითმხილველი "პირველებს" უყვება, რომ თაბუკაშვილისა და ჭანტურიას კვეთაზე ორი ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. 

თეა გოგრიჭიანის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელბორკილები ახალგაზრდა ქალსა და კაცს დაადეს. 

მუზეუმის კაფეში ვისხედით მეგობრები, ხმაური მოგვესმა და გავიქეცით. დაახლოებით თაბუკაშვილისა და ჭანტურიას კვეთაზე უკვე პატრულს ჰყავდა გაჩერებული და მიდიოდა გაწევა-გამოწევა. პირველი ბიჭი აიყვანეს და მერე აიყვანეს გოგო. გოგო იყო სულ ისტერიკაში. ძალიან ვინერვიულეთ მე და ჩემმა მეგობარმა, უნდოდათ სხვების წაყვანაც, რაღაც ბრძოლა იყო, უბრალოდ არ გავატანეთ ხალხმა. სხვა დეტალები არ ვიცი. ვიცი, რომ ბავშვები არიან, ახალგაზრდები და არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, როგორც მე მითხრეს. შეიძლება ამოიცნო პოლიციამ ერთ-ერთი მათგანი და ამიტომ დააკავეს. არ ვიცი, როგორც მე მითხრეს ნერვიულობდა ის გოგო, როდესაც ის ბიჭი დაიჭირეს. შეიძლება იყო დაუმორჩილებლობა. ამ გოგოზე ძალიან ცუდად მოხდა, ფაქტობრივად ძალის გადამეტებით ჩატენეს მანქანაში და განწირულად ყვიროდა.", - ამბობს თეა გოგრიჭიანი.