"სტუდიამდე 6 მანქანით მოვედი, ეზოში აღარ შემომყვნენ" - გიორგი ჩიკვაიძე
თვალთვალი გიორგი ჩიკვაიძეზე - სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე, ბიზნესმენი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ ტელევიზიამდე 6-მა მანქანამ "მოაცილა".
გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც ივანიშვილის რეჟიმი ბიზნესრეკეტში ამხილა, ამბობს, რომ ადევნების გარდა, ბოლო პერიოდია მის ტელეფონზე სიგნალსაც ახშობენ.
6 მანქანით მოვედი სტუდიამდე. ეზოში აღარ შემომყვნენ, აქვე იქნებიან სადმე. გარდა ამისა, დაიწყეს ჩემი ტელეფონის ჩახშობა. ორ წუთში ერთხელ თიშავენ ტელეფონზე შემომავალ სიგნალს. ნაწილობრივ, მოტივაცია იყო. გაუჩნდა შიში, რომ მეც არ წავიდე. ეს არ არის სტანდარტული დევნის ოპერაცია. პრობლემა გვექნება ქვეყანაში მანამ, სანამ ადამიანების ინტელექტი იქნება იმ დონეზე, რომ ისინი იტყვიან, რომ ისინი არიან დაქირავებული მსახიობები. არსებობს ვერსია, რომ ესენი დაქირავებული ხაზია და ამ ყველაფერს ვაწყობ თეატრალურად". - განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
- 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი, ხვალ, 11 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. მის საქმეს იზა კელენჯერიძე განიხილავს. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ხვალ დააპატიმრებენ.