"ციხეში თუ მომკლავენ, იცით ვისი ბრალიც იქნება" - გიორგი ჩიკვაიძე გვარებს ასახელებს

10.03.25 22:22
"ციხეში თუ მომკლავენ, იცით ვისი ბრალიც იქნება" - გიორგი ჩიკვაიძე გვარებს ასახელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, გიორგი ჩიკვაიძე სკანდალურ განცხადებას აკეთებს - ბიზნესმენი "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ფლობს ინფორმაციას, რომ "მასთან დაკავშირებით ციხეში გეგმები აქვთ".

"ზუსტად ვიცი, გუშინწინ იყო საუბარი, სადაც ნახსენები იყო ფრაზა, "რომ შემოგაკვდეს, მერე რას ვშრებით". სავარაუდოდ, მაინც ციხის ნაწილს ეხება" - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.

ბიზნესმენი კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც ასახელებს და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში ქვეყნის გენერალური პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილია ჩართული. 

ციხეში თუ მომკლავენ, იცით ვისი ბრალიც არის. მაქვს ინფორმაცია, რომ მათ გარკვეული გეგმები აქვთ ციხეში ჩემთან დაკავშირებით. ამაზე ვსაუბრობ სამი დღეა. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ ამაში მონაწილეობს ქვეყნის გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და ამ ქვეყნის სუპერ კრიმინალები.

უამრავი ინფორმატორი მყავს მათ სისტემაში. თქვენი აზრით, როგორ ვახდენ ამ ადამიანების იდენტიფიცირებას, მინიმუმ 5 წუთით ადრე ვიცი ვის აძლევენ დავალებას, რა ნომერი მანქანა უნდა გამოგვეკიდოს და სად უნდა გაჩერდეს. ვადგებით თავზე, ასეთივე ხალხი გვყავს ჩვენ პროკურატურაში. მე ზუსტად ვიცი, რომ გუშინ წინ იყო საუბარი, სადაც ნახსენები იყო ფრაზა,"რომ შემოგაკვდეს, მერე რას ვშრებით", სავარაუდოდ, მაინც ციხის ნაწილს ეხება. ეს მინდა იცოდეს მთელმა ერმა და თქვენ კიდევ ნახავთ, სადამდე წავა ეს ყველაფერი", - ამ ბობს გიორგი ჩიკვაიძე.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს. 

  • 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“  გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.

მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა. 

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა. 

გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი, ხვალ, 11 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. მის საქმეს იზა კელენჯერიძე განიხილავს. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ხვალ დააპატიმრებენ