ბაჩიაშვილს არ ვიცნობდი, შაიშმელაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების ამბავში ჩართული ვიყავი - ჩიკვაიძე
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების საქმეში ჩართული ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეც იყო.
განცხადება გიორგი ჩიკვაიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა და თქვა, რომ ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ირაკლი შაიშმელაშვილს საზღვრის გადაკვეთაში დახმარებოდა.
რაც შეეხება გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების საკითხს, მისივე თქმით, პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
გიორგი ბაჩიაშვილს არ ვიცნობდი იმ პერიოდში. კაცურად, განსხვავებით სხვა ბიზნესმენებისგან, ეს ამბავი რომ დაიწყო, გააკეთა საჯარო განცხადება და მხარი დამიჭირა, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, მომენტალურად ამოიცნო ის ხელწერა ივანიშვილის, რომლითაც მას მიუდგნენ. ეს იყო ჩემთვის მისასალმებელი. ამის შემდეგ ამ ადამიანს ორჯერ დაველაპარაკე, ვუთხარი მადლობა და შემდეგ აქციაზე თუ შევხვდებოდი კარგი გამარჯობით.
რაც შეეხება შაიშმელაშვილის ამბავს, ამაში ნამდვილად ვიყავი ჩართული და ვიყენებდი ყველა რესურს და სანაცნობო ხაზს, რამაც წარმატებით დაასრულა მისი ქვეყნიდან გასვლის პროცესი. რაც შეეხება დიპლომატებთან ურთიერთობას, მთელი ჩემი ცხოვრება მჭიდრო კავშირი მქონდა ევროპელებთან, ამერიკელებთან.
შეგახსენებთ, ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო, ივანიშვილის გუნდს რეკეტსა და "ბიზნესის ახევის" ხელშეწყობაში ადანაშაულებს.
- 2024 წლის 12 სექტემბერს, ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“, მასა და თავის პარტნიორზე ზეწოლის შესახებ ვრცლად ისაუბრა.
მისივე ცნობით, "2022 წელს ანტისახელმწიფოებრივი დავალების შესრულება დაავალეს, რაზეც უარი განაცხადა". დავალებაზე უარის თქმის შემდეგ მასზე "ზეწოლა" მოხდა, რასაც საბოლოოდ მის მიმართ საქმის აღძვრა მოყვა.
პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 50 000 ლარი და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.
გიორგი ჩიკვაიძის სასამართლო პროცესი, ხვალ, 11 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება. მის საქმეს იზა კელენჯერიძე განიხილავს. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ხვალ დააპატიმრებენ.